NBA| კარის 47 ქულამ უორიორს ვერ უშველა – ტორონტო წინ გადის სერიაში 2-1

თბილისის დროით 6 ივნისს გამთენიის 5 საათზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის მესამე შეხვედრა გაიმართა.

გოლდენ სთეით უორიორსი საკუთარ კედლებში იღებდნენ ტორონტო რეპტორსს. ამ მატჩის წინ უორიორსს უპირატესობა ჰქონდა, რადგან მათ ტორონტოელები გასვლაზე დაამარცხეს და საკუთარი მოედანზე გამარჯვების შემთხვევაში სერიაში 3-1 გახდებოდა. თუმცა ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ თამაშამდე ყველა ცნობილი გამოცემა ამტკიცებდა, რომ კლეი ტომპსონი მესამე თამაშზე მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა მათი პროგნოზი არ გამართლდა და ტრავმის გამო დურანტთან და ლუნისთან ერთად მასაც მოუწია აღნიშნული მატჩის გამოტოვება.

მატჩი ტორონტოელების დომინაციით დაიწყო და პირველ მეოთხედში მოპოვებული 10 ქულიანი უპირატესობა მათ მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს. სტეფ კარის არაერთი მცდელობის მიუხედავად ოქროს შტატელები მეტოქესთან მიახლოებას ვერ ახერხებდნენ და ჩამორჩენა 7 ქულის მეტი ვერ შეამცირეს. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ტორონტომ აღნიშნულ მატჩში მარტივად იმარჯვა.

უორიორსის შემადგენლობაში საუკეთესო გუნდის ლიდერი სტეფ კარი იყო. მის ანგარიშზე 43 წუთში, 47 ქულა, 8 მოხსნა, 7 გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო. რეპტორსის რიგებში საუკეთესო კვლავ კავაი ლეონარდი იყო: 38 წუთში, 30 ქულა, 7 მოხსნა, 6 გადაცემა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება.

სერიის მეოთხე მატჩი თბილისის დროით 8 ივნისს გამთენიის 05:00 საათზე კვლავ ოკლენდში გაიმართება.