კასპში არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის ჩვილი საწოლში გაგუდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში არასრულწლოვანმა დედამ შვიდი თვის ჩვილი გაგუდა და ადგილიდან მიიმალა.

დედა, რომელმაც სავარაუდოდ, დანაშაული ჩაიდინა ამ დროისთვის დაკავებულია. ის 16 წლის არის და მას 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

მომხდარზე განცხადება შსს-მ გააკეთა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.”-აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში