კატასტროფული სიტუაცია ლივერპულში – ბარსელონასთან გუნდს ვერც სალაჰი, ვერც ფირმინო ვერ დაეხმარებიან

როგორც მოგეხსენებათ, დღეს საღამოს თბილისის დროით 23:00 საათზე ლივერპულში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართება, სადაც იურგენ კლოპის გუნდს ურთულესი ამოცანა აქვს ამოსახსნელი.

1/2 ფინალის პირველ დაპირისპირებაში კატალონიელებმა მეტოქეს მარტივად, 3:0 სძლიეს და ფინალისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს. ამას დაემატა ისიც, რომ ბოლო 2 თამაშში ლივერპულს შეტევითი ხაზის ორი ლიდერი, მოჰამედ სალაჰი და რობერტ ფირმინო გამოაკლდნენ. ინგლისელთათვის სიტუაცია ფაქტობრივად გამოუვალია და ამას მათი თავკაცი იურგენ კლოპიც ხვდება.

“ჩვენ ვეცდებით ამ მატჩის მოგებას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მაგრამ ფაქტია, რომ არ ვართ ისეთ სიტუაციაში, როგორსაც თუნდაც ცუდ შემთხვევაში ვისურვებდით,” – აღნიშნავს გერმანელი და დასძენს, რომ ჩემპიონთა ლიგაში ღირსეული დასასრულის იმედი აქვს: “თუ გავალთ ხომ კარგი, თუ არა და მოდით, ყველაზე ლამაზად გავარდეთ!”

სალაჰისა და ფირმინოს გარდა, ლივერპულს ნაბი კეიტაც აკლია. თავის მხრივ დანაკლისი აქვს ”ბარსელონასაც”, თუმცა მათი დანაკლისი ლივერპულთან შედარებით მიზერულია. აღნიშნულ მატჩში კატალონიელებს დემბელე და რაფინია ვერ დაეხმარებიან.

ლივერპულს გოლის გატანა რომ შეუძლია ეს ყველასთვის ცხადია, თუმცა საინტერესოა რამდენად შეძლებენ ”მერსესაიდელები” კარის მშრალად შენახვას.