“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალეკო“–დმანისში ჩასულ ელისაშვილს მაჟორიტარი ოქრიაშვილი მისასალმებელი ბანერებით დახვდა

სამოქალაქო მოძრაობა უკვე მესამე კვირაა რეგიონებში მაჟორიტარების მხილების კამპანიას ატარებს. დღეს ამ კამპანიის ფარგლებში ელისაშვილი და სამოქალაქო მოძრაობის წევრები დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის საწინააღმდეგო აქციის გასამართად ჩავიდნენ, თუმცა გორისა და კახეთისგან განსხვავებით აქ მისასალმებელი პლაკატები და ბანერები დახვდათ. გორში და თელავში სამოქალაქო მოძრაობას ოცნების ადგილობრივი აქტივისტები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები დაახვედრეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, დმანისში კი როგორც ელისაშვილი ფეისბუქზე წერს მათ მშვიდობიანად დახვდნენ:

“აბსოლუტრუად სხვა დრამატურგია შემოგვთავაზეს დმანისში, სადაც კამპანიის “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” ფარგლებში ჩავედით.

ქალაქის შემოსასვლელში დაგვხვდა უზარმაზარი​ ბანერი ოპოზიციისადმი მისალმების და შენობებზე გაკრული იყო პერსონალური მისალმების პლაკატები. კახა ოქრიაშვილს აქვს ძალიან გამძაფრებული პოლიტიკური ინსტინქტები და როგორც ჩანს, იგრძნო საიდან ქრის ძლიერი ქარი და დაიწყო ჩვენთან და ოპოზიციასთან ხიდების აშენება. მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვარ იმ პოზიციაზე, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის შერეული სიტემა, რომელიც ანგრევს ქვეყანას და აღატაკებს. აგერ მთელი დმანისიც დაცლილი ხალხისგან. 5 ადამიანი თუ დადის ამხელა რაიონში იმ დროს, როდესაც ოქრიაშვილი მულტიმილიონერია და 112 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული ბოლო 6 წელში. ჩვენ მტკიცედ ვართ იმ პოზიციაში, რომ ფეოდალი მაჟორიტარებისგან უნდა გაიწმინდოს ეს ქვეყანა და ჩვენ კამპანიას “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” სხვა რეგიონებშიც განვაგრძობთ.“– წერს ელისაშვილი.