ხაბეიშვილი თბილისის მერს ორ თვეში 73 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს

ოპოზიცია თბილისის მერს ორ თვეში 73 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თანხა თბილისის მერიამ სამშენებლო სამუშაოებისთვის სხვადასახვა კომპანიებს გადაურიცხა, ამ კომპანიებში არიან “ქართული ოცნების” შემომწირველები და ის ფირმები, ვინც პარტიულ აქტივობებს აფინანსებენ. იყო თუ არა თანხა არამიზნობრივად დახარჯული – საკითხის გასარკვევად ოპოზიციური პარტია პროკურატურას მიმართავს.

“ეს კომპანიებია “ჯეოგრუპი” “ენსისი” “ინსი” და “ანაგი,” რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან ქართულ ოცნებასთან. პარტიულ აქტივობებს აფინანსებენ პირდაპირ ბიუჯეტის ხარჯზე, 2018 წელს რომ გაამარჯვებინეს და ფული შესწირეს, ბიძინა ივანიშვილის ხეებს რომ დაატარებენ და ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებს რომ სახლებს უშენებენ, ამ კომპანიებს ათობით მილიონ ლარს უხდის კახი კალაძე,”-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ბრალდებას და კომპანიების “ქართულ ოცნებასთან” კავშირს უარყოფენ მერიაში. კალაძის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ხაბეიშვილს უსაფუძვლო ბრალდებებში ადანაშაულებს და მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვს.

“როდესაც ადამიანი გამოდის და ამხელა გრანდიოზულ ზღაპრებს იგონებს, მინიმუმ ტენდერებში მაინც უნდა იყოს შესული გადამოწმებული უნდა ჰქონდეს და მინიმუმ 1 უმნიშვნელო სახის დარღვევას მაინც უნდა გვეუბნებოდეს,”-აცხადებს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი.