ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, საკუთარ მოსაზრებით, თუ რა არის საქართველოს მთავარი უბედურება. ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ უმრავლესობამ არ იცის, რა უნდა ინატროს, რომ უკეთესად იცხოვროს.
გთავაზობთ ნათია ფანჯიკიძის პოსტს:
„ამ ქვეყნის მთავარი უბედურება ისაა, რომ ხალხის დიდ ნაწილს წარმოსახვის უნარი არ გააჩნია. ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის სამყოფი კი არა, პირადად მისთვის მაინც სამყოფი რომ იყოს და უკეთესი პირობები, გარემოებები, წარმოისახოს, რომ შემდეგ სვლა-გეზად ექცეს. რა უნდა ინატროს, რა უნდა მოითხოვოს, არ იცის. რა აჯობებს მისთვისვე, ვერ ხვდება და ისღა დარჩენია გაცნობიერებული, ან გაუცნობიერებელი ბრაზი იყოს მისი ძირითადი სასიცოცხლო განცდა, სინამდვილეში რომ საკუთარი თავის მიმართ ბრაზია. უბედურება ის კი არაა, რომ ვიღაცას, თუნდაც ბევრს, როგორ გამოიბას ფრთები და გამოაბას ქვეყანასაც, წარმოსახვის უნარი აკლია, არამედ ის, რომ ვისაც წარმოსახვის უნარი აქვს, ენერგია აკლია. ამ ენერგიის მობილიზებას უშლის ხელს მუდმივად ეს კატეგორია, ძირითადად ძველი თაობა და სადაც დაინახავს ახალი თაობის ენერგიით დამუხტვის მცდელობას, იქ ჩნდება და განადგურებას ცდილობს. ხშირად ფიზიკურ განადგურებასაც. არადა, მხოლოდ ბავშვობიდან ცოტა ხნის წინ გამოსულ ხალხს შეუძლია ყველაზე მეტად სჯეროდეს “არარსებულისაც” კი და ამ რწმენით ყველაზე “გიჟური” იდეაც რეალობად აქციოს“.- წერს ის სოციალურ ქსელში.