ხალხს თვალებში, ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა სპეციალურად ესროლეს -ქუთაისის საკრებულოს წევრი

“ხალხს თვალებში, ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა სპეციალურად ესროლეს” -ეს განცხადება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა  განაცხადა. 
საკრებულოს დეპუტატმა 20 ივნისის მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ  ეს ყველაფერი თავად მოაწყო იმ ხალხმა, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა.

“თქვენ ხომ ნახეთ, რაც მოხდა თბილისში. ძალიან საშინელება იყო, რაზეა საუბარი, ახალგაზრდებში ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. როდესაც ვარდების რევოლუცია ხდებოდა, ვარდები დაიკავეს ხელში და იმ წუთშივე გაჩნდა კითხვის ნიშანი, რატომ ვარდები – იმიტომ, რომ შემდეგ ვარდების რევოლუციის სახელით მონათლულიყო.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული და საპირისპიროს მერე ალბათ გამოძიება იტყვის, რომ ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა სპეციალურად, შერჩევით, დამიზნებით, ზუსტად თვალში ისროლეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის ალბათობა, რომ თვალში მოგხვდეს ადამიანს, რომ ახლა იძახონ, თვალები დაგვთხარესო. რომ ის სახელმწიფოებრიობა, რომელსაც დღეს ეს ხელისუფლება სათავეში უდგას, დაინგრეს, შემდეგ ან დანგრეულზე მოვიდნენ და თვითონ იბატონონ და ვინ – ხალხმა, რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენს სულიერება, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა”, – განაცხადა ახალაძემ.