დიდუბის გამგებელი ამბობს, რომ სადგურის მოედანზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი ექსპერტ-კრიმინალისტებმა უნდა დაადგინონ, დაზარალებულებს კი ზარალი აუნაზღაურდებათ.
ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, სახანძრო ადგილზე 4 წუთში მივიდა და რეაგირება მოხდა უსწრაფესად: “დაკვამლიანება რომ არ იყოს, ახლა ამაზე მუშაობენ. ამ ბაზრის ხელმძღვანელობას ამ ხალხლთან გვერდით დგომის დიდი გამოცდილება აქვს და ეჭვიც არ მეპარება, როგორც ადრე მოხდა, ახლაც იგივეს გააკეთებენ”, ამბობს დიდუბის გამგებელი.
“ხანძრები მთელი ქალაქის და მსოფლიოს მასშტაბით ჩნდება, კითხვის ნიშნები რატომ არის, ვერ ვხვდები. უბრალოდ უნდა დადგინდეს, საიდან არის ხანძარი”, ამბობს ირმა ზავრადავშილი.
როგორც ცნობილია, სადგურის მოედანთან ხანძარი იყო. დაიწვა დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი ფართობი, სადაც მეორადი ტანსაცმლის საწყობი იყო განთავსებული. ბაზრობის ტერიტორია დაახლოებით 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ხანძარს 17 სახანძრო-სამაშველო მანქანა აქრობდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამას ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ. წინასწარი ინფორმაციით კი, ცეცხლი გაუჩნდა ელექტრო-სადენებს. ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არის. დაზარალებულები ადგილზე თბილისის მერის მისვლას მოითხოვენ.
“წინათაც დამეწვა ორასიათასის, მაგრამ 200 ლარიც არ მოგვცეს, სახლი ბანკში ჩავდე და ახლა ისიც უნდა წამართვან?!”,ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
მათივე ცნობით, გასულ წელსაც იგივე ფაქტი მოხდა და როგორც ჩანს, უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ არ არის დაცული.
“ჰკითხეთ, კახა კალაძეს, როდის დაგვეხმარა?”,ამბობს ადგილზე დასაქმებული.














