მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. თვის ბოლოსთვის დაგეგმილი პარტნიორთა კრება გადადგომის შესახებ მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე პირები შეემატონ.
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მისი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია,რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად წარდგენილია სამი კანდიდატი: რ. მაიკლ ქაუგილი – საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თედ ჯონასი – საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა – „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი . კანდიდატების დანიშვნა თვის ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე მოხდება.
”მამუკამ და ბადრიმ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის რანგში დიდი წვლილი შეიტანეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წინსვლასა და ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში”, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, – ”თუმცა, მათ წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესის გათვალისწინებით, (რაც არ არის იურიდიულად დაკავშირებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ან ანაკლიის პორტის პროექტთან) ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომა გადაწყვიტეს, რათა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მათ წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაიცვან. ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატები საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში, განსაკუთრებით ამ რეგიონში კარგად ცნობილი პირები არიან, რომლებიც სამეთვალყურეო საბჭოს მნიშვნელოვანი უნარებითა და გამოცდილებით გააძლიერებენ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე და საფრანგეთის ერთი მოქალაქე, რაც უზრუნველყოფს ამერიკული და ევროპული ინტერესების მაქსიმალურად წარმოჩენას ანაკლიის პორტის პროექტში”, – განაცხადა ახვლედიანმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ამჟამინდელი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით: „ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს – ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები.”