ხაზარაძეს არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები-კალაძე

ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გავაკეთე შეფასება მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით. ყოველთვის ვფიქრობდი, ადამიანი ახალი შემოსულია პოლიტიკაში, ახალ პოლიტიკურ გუნდს აყალიბებს, ეს ყველაფერი გამოადგება ჩვენს ქვეყანას, ჯანსაღი ოპონირების საშუალება გაჩნდება, მაგრამ ეს ადამიანი დაადგა ისევ და ისევ სიცრუეს და ჭორაობას. გვეჭორავება ჩვენ და ეჭორავება საზოგადოებას. რაც შეეხება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივებას, ამას მივესალმები. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ დემონსტრირება გააკეთოს და ყველას დაუდასტუროს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პორტი და ამ პროექტის განხორციელება. თუმცა, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები”,- განაცხადა კალაძემ.