„100 პროცენტით პოლიტიკურად მოტივირებულია ეს საქმე,“ – ასე აფასებს „აგროტექნიკ ჰოლდინგის” ხელმძღვანელი, ფადი ასლი პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენებას.
ფადი ასლი დარწმუნებულია, რომ TBC-ის საქმის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას, რადგან ოლიგარქი ცდილობს, აღნიშნული პროცესით ანაკლიის პროექტი ჩაძიროს და ასევე, მამუკა ხაზარაძე, როგორც პოლიტიკური ოპონენტი, გაანეიტრალოს.
„ჩემი აზრით, 100 პროცენტით პოლიტიკურად მოტივირებულია ეს საქმე. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ორ რამეს მიაღწიოს, პირველი, ეს არის ანაკლიის პროექტის შეჩერება, რადგან ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესებს. მეორე, ის ცდილობს, თავიდან მოიცილოს პოლიტიკური ოპონენტი მამუკა ხაზარაძის სახით, რადგან მას შეუძლია ხალხი შემოიკრიბოს და გადამწყვეტი როლი შეასრულოს 2020 წლის არჩევნებში, ამით ივანიშვილი ცდილობს ორი კურდღელი დაიჭიროს, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდება ქვეყანას და ივანიშვილს, რადგან მასზე დიდი ზეწოლა განხორციელდება. ჩემი აზრით, ხაზარაძის და ჯაფარიძის დაკავებაზე ხელის მოწერით, ივანიშვილი ხელს აწერს თავის სასიკვდილო განაჩენსაც, რადგან ვეღარ გადარჩება. ზეწოლა იმდენად დიდი იქნება, რომ სრულად გაანადგურებს მასაც და პარტიასაც. ივანიშვილმა ამით ხარაკირი ჩაიტარა,“ – ამბობს ფადი ასლი.
გარდა ამისა, ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას, ფადი ასლი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის წევრები, პრემიერის ჩათვლით საერთაშორისო პარტნიორებს ატყუებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტი არ განხორციელდეს.
„მინისტრები და პრემიერი ატყუებენ ყველას, ინვესტორებს, საერთაშორისო გაერთიანებას, შეერთებული შტატების მთავრობას, ისინი ასრულებენ რუსეთის ბრძანებას, რომ პორტის პროექტი ჩაძირონ, ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ეს ქვეყანას სტაბილურობის ფასად დაუჯდეს. საქართველოსთვის ახლა ძალიან სახიფათო პერიოდია და ბევრი ამას ვერ აცნობიერებს,“ – განაცხადა ფადი ასლიმ.
შეგახსენებთ, რომ TBC-ის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. საგამოძიებო უწყებამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა. საგამოძიებო უწყების მათ ჯგუფურად უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.