ხელისუფლება აქტივისტების მიმართ ძალას შერჩევითად და არაპროპორციულად იყენებს- ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-ს განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალა შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოიყენება.

განცხადებაში წერია, რომ 20-21 ივნისს დაკავებულების მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება და მათ ადმინისტრაციული პატიმრობა და სოლიდური ოდენობის ჯარიმები ეკისრებათ.

,,ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ძალა შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოიყენება. 20-21 ივნისს დაკავებულების მიმართ, სასამართლომ სათანადო დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე, სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით, ადმინისტრაციული პატიმრობა და სოლიდური ოდენობის ჯარიმები გამოიყენა. იგივე პრაქტიკა გაგრძელდა შემდგომი აქციების დროს დაკავებული პირების მიმართ”- წერს TI .

ორგანიზაციის ინფორმაციით, მკაცრმა ჯარიმამ შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც აქტივისტს უბიძგებს, აქციებში მონაწილეობა აღარ მიიღოს.

,,სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, როგორც წესი, ადმინისტრაციული პატიმრობა ან უმრავლეს შემთხვევაში ჯარიმა გამოიყენება. ჯარიმის ოდენობა, ძირითადად, 1000 ლარიდან 2500 ლარამდე მერყეობს. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან,”- ვკითხულობთ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” დასკვნაში.