ექსპერტი გია ხუხაშვილი სახალხო პროტესტს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ის თვლის, რომ ხელისუფლება მთლიანად მოწყდა რეალობას და ის ფაქტიურად დამთავრდა:
“ხელისუფლება ჩავიდა პოლიტიკურ ბუნკერში საბოლოოდ და აბსოლუტურად დაკარგა კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, პოლიტიკურ ოპოზიციასთან, ხალხთან, ბუნკერში არიან ჩაკეტილები და ერთმანეთს უყვებიან როგორ გაუშვეს პირველი თანამგზავრი მარსზე, როგორ მოიგეს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი…
სრული საგიჟეთია რაც იქ ხდება.
შესაბამისად რაიმე პოლიტიკურ მოტივაციაზე ლაპარაკი მათი მხრიდან ზედმეტია. მე შემიძლია ვილაპარაკო ვინც შეკვეთა გააკეთა ამ გადაწყვეტილებაზე მის მოტივაციაზე. პარლამენტში ერთი ადამიანი არ არის ვისაც ახლოს მაინც გაუვლია გადაწყვეტილების მიღებასთან. უთხრეს ასე გააკეთებ და გააკეთეს.
მოტივი არის ძალიან მარტივი: ხელისუფლება აღმოჩნდა სერიოზული პრობლემის წინაშე. მათი ძირითადი ნარატივი რაზე დგას: აქამდე ასე იყო, რომ აქეთ ვართ ჩვენ და იქით ნაციონალური მოძრაობა. ამ ორპოლუსიანობაზე სპეკულირებდა ხელისუფლება მუდმივად და ამით გადიოდა ფონს.
ხელისუფლება პირველივე დღიდან ცდილობდა სახალხო პროტესტი, რასაც ჩვენ ვუყურებთ რუსთაველზე, მიეწებებინა ნაციოონალურ მოძრაობასთან, რომ ეს ნაარტივი შენარჩუნებულიყო და მოეხდინა მარგინალიზაცია.
ამორალურია, შვილების ტოლ ბავშვებთან პროვოკატორებს ჯგროდ რომ უშვებდნენ შიგნით. გულის ამრევები არიან. ახალი პოლიტიკური კლასი მოდის და იმის მაგივრად, რომ გიხაროდეთ ეს ბავშვები და ნაცვლად ამისა მთელი აგენტურა მიაყარეს, რომ როგორმე წამოიკიდონ პროვოკაციაზე. ამას რომ ხელისუფლება აკეთებს იმას გამარჯობა როგორ უნდა უთხრა.
არც ისე ბრიყვები არიან რომ არ იცოდნენ რამხელა პოლიტიკურ ზიანს იღებენ ახლა ნიკა მელიას დაჭერით. უბრალოდ აქვთ სასიცოცხლო ამოცანა რომ პროცესი დააბრუნონ ორპოლუსიან ნარატივში. ანუ ამ მიტინგს ჩაუდონ მელია, რასაც ქვია, ჩაუდონ მელია, გახადონ მიტინგის მთავარი თემა მელიას გათავისუფლება, რომ როგორმე მიტინგს დაარქვან ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ხელისუფლების სასიცოცხლო ამოცანა. ამ იაფფასიან კომბინაციას ვინღა ჭამს?
რამდენი პროვოკაცია მოუწყეს ამ ბავშვებს, რამდენი სიბინძურე შეუკერეს, არაფერი არ გამოუვიდათ. ესეც არ შველით.
დღევანდელი ხელისუფლება იგივეა, რაც 7 ნოემბრის. მაშინ რომ ისტორია იკერებოდა, იგივე შპარგალკებით იკერება ახლა.
ველოდები კადრებს, როგორ აპირებდა მელია გახარიას დაძინებას.
ვიღაც “ჭკვიანი“ ზის და რაღაც სცენარებს წერს. აღარ არსებობს, ეს ხელისუფლება, დამთავრდა. შეიძლება დღეს არ მოხდეს და ექვს თვეში მოხდეს, მაგრამ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს.
ის ხელისუფლებაც კი არ წასულა ამაზე. 7 ნოემბრის შემდეგაც კი არცერთი ლიდერი არ დაუჭერიათ. მიუხედავად იმისა, რომ იყო სადიზმი, არავინ არ დაუჭერიათ. მე ფაქტობრივ შინა პატიმრობაში ვიყავი, მაგრამ არ დავუჭერივარ. მე სახელმწიფო გადატრიალების საქმის ფიგურანტი ვიყავი. შეკერილი იყო თუ როგორც იყო, ასეთი საქმე იყო. მაგრამ არ დავუჭერივარ.
ეს რა საგიჟეთი ხდება ახლა.
მათ როგორმე უნდათ კონტექსტი შეუცვალონ სახალხო პროტესტს, რომელიც ბევრად უფრო ფართოა და ცილდება პარტიულ კონტექსტს. ამ ორპოლუსიანობის დაკარგვის ეშინიათ და უნდათ მთავარი თემა გახადონ ნიკა მელიას დაკავება.
ნიკა მელია არის პოლიტიკოსი და პოლიტიკოსისთვის დაჭერა სანატრელია, შეიძლება პოლიტიკური კარიერის სტარტი აღმოჩნდეს. მელიას შემთხვევა ეს შემთხვევაა.
ფაქტობრივად, ბიძინა ივნაიშვილმა ამ დღეებში გააპრავა 7 ნოემბერი და 26 მაისი. ყველაფერი გაუპრავა მიშას. სათქმელი აღარ დაიტოვა.
ხმა აღარ აქვს ამოსაღები არაფერზე. ყველაფერი გაუპრავა მიშას.
როგორც დღეს შეიძლება სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკი იგივე ლოგიკით მაშინაც შეიძლებოდა.
არის უმწვავესი პოლიტიკური პროცესი და ასე უგუნური როგორ უნდა იყო რომ ასე იქცეოდე.
მოუხერხებადია ხელისუფლების ამოცანა, ეს ბავშვები ბევრად უფრო ფართოდ აზროვნებენ, ჩვენზე კარგი განათლება აქვთ, გაურყვნელები არიან, ჩვენზე მაგრები არიან და მელიამდე არ დავლენ ესენი. კი ბატონო, მელიასაც იტყვიან, მაგრამ სხვა ამოცანები აქვთ, ეს ქვეყანა უყვართ. არცერთ პროვოკაციაზე არ წამოეგნენ და ამ იაფფასიანი კომბინაციით უნდათ რაღაც შეცვალონ? ვეღარ შეცვლიან, დამთავრდა უკვე. ისტორიის მუხლუხოებში არიან უკვე, ამას ვერ ხვდებიან. ამიტომ ვამბობ რომ ბუნკერში ჩავიდა ხელისუფლება, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება გარე სამყაროში. ხელისუფლება იბრძვის აფექტური მეთოდებით ბუნკერიდან. მათ გონიათ რომ რაღაცას აკონტროლებენ, არადა უკვე აღარ არიან ხელისუფლებაში. ბიძინა ივანიშვილი აღარ არსებობს, დამთავრდა უკვე. “–განაცხადა ხუხაშვილმა