ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა ვიდგეთ – ნიკა მელია

ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უნდა ვიდგეთ , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში დაწერა.

„მთელი სამყარო და თითოეული ჩვენგანი გამოწვევის წინაშეა

ეს გამოწვევა იძულებულს გვხდის გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების წესს. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს.

დიახ, სჯობს ახლავე დავუწესოთ ჩვენს თავს შეზღუდვები, ვიდრე გვიან არაა. დროებით უარი ვთქვათ ძვალ-რბილში გამჯდარ ეტიკეტზე (ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა და ა.შ), მაქსიმალურად შევზღუდოთ ურთიერთობები, სტუმრად სიარული და სტუმრების მიღება.

მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მეტიც, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ყოველგვარი, მათ შორის რელიგიური ხასიათის შეკრებები და ყველა, ერიც და ბერიც გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამას.

საზოგადოება ამ საკითხში საქართველოს საპატრიარქოს მოლოდინშია. შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, გონივრული იქნება ყველა კონფესიამ დროებით შეაჩეროს ტაძრებში მსახურება და მოიძებნოს მრევლთან დისტანციური ურთიერთობის ფორმები.

და კიდევ, შექმნილ ვითარებაში, პირადად ჩემთვის მიუღებელია ჩასაფრებულის პოზიციიდან დარტყმა ხელისუფლებაზე.

კორონავირუსი არ ყოფს საზოგადოებას მდიდრებად და ღარიბებად, ხელისუფლებად და ოპოზიციად, ყველას განურჩევლად გვიტევს და საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ჩვენც ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ რთულ ვითარებაში.

დროებით კრიტიკაზე ხელის აღება არ ნიშნავს კრიტიკაზე უარის თქმას, ამის დროც მოვა და დღეს რაც უფრო, ერთად ვიდგებით, უფრო მალე მოვა.

ძალა ერთობაშია“, – წერს ნიკა მელია.