“ხელისუფლება ფრთხილად იყოს,მეორე გავრილოვი არ დაემართოს“–საქართველოში შესაძლოა სერგეი ლავროვი ჩამოვიდეს

ფორმულა ნიუსის ინფორმაციით საქართველოში შესაძლოა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩამოვიდეს. საბოლოო გადაწყვეტილება ამის შესახებ  სავარაუდოდ, გაზაფხულზე გახდება ცნობილი. სწორედ ამ პერიოდში, საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტერიალი უნდა გაიმართოს, რომლის ერთ-ერთი წევრიც რუსეთის ფედერაციაა. საქართველო კი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა. 

რუსეთის წარმომადგენლად მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს დიდი ალბათობით ოკუპანტი ქვეყნის მინისტრი, სერგეი ლავროვი უნდა ეწვიოს. ცნობილია, რომ ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და ის ნამყოფია როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ისე ოკუპირებულ აფხაზეთში. ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში 15 მაისს არის დაგეგმილი და მასში მონაწილეობას წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ წინა მინისტერიალი ფინეთში გაიმართა და სერგეი ლავროვმა მასში მონაწილეობა მიიღო.

“ფორმულა” დაუკავშირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს, რათა ლავროვის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გაერკვია, თუმცა აბაშიძემ განაცხადა, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობს.

„არ მისაუბრია ამ თემაზე. ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. თებერვლის ბოლოს არის დაგეგმილი კარასინთან შეხვედრება. არა მგონია, ამაზე ვისაუბროთ. ბევრი დროა იქამდე და ჩამოვყალიბდებით განსახილველ თემებზე“, – ამბობს აბაშიძე.

საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტებიც გამოეხმაურნენ. ისინი აცხადებენ, რომ თუ თბილისში ოკუპანტი ქვეყნის მინისტრი ჩამოვა, ეს მორიგი საპროტესტო ტალღის საბაბი იქნება.

“ქვეყანაში სადაც არსებობს ოკუპაციის შესახებ კანონი, ამ კანონის შესაბამიად უნდა ხდებოდეს ყველა მოქმედება და პირველ რიგში, უნდა ვრცელდებოდეს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ისეთ მტერზე, როგორიც არის სერგეი ლავროვი. ამ მოცემულობაში, მისი ადგილი საქართველოში არ არის. კოლაბორაციონიზმი კლავს და “ქართული ოცნება” ამაში ხშირად არის შემჩნეული. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ლავროვს ქვეყანაში შემოსვლას აუკრძალავენ. ისევ ჩვენი გასაპროტესტებელი იქნება და მიიღებენ მეორე გავრილოვს“, – განაცხადა აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა  საუბარში.

მოძრაობა “სირცხვილიას” კიდევ ერთი წევრი ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ხელისუფლებამ ლავროვის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები არ მიიღოს.

„ჩვენი ხელისუფლება ადეკვატურობისგან დაცლილია. ხშირად არიან მხილებული მტერ რუსეთთან კოლაბორაციაში. იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლება იმოქმედებს ოკუპაციის შესახებ კანონის შესაბამისად და არ შემოუშვებს ლავროვს. აქციები იქნება და ამას არ გავატარებთ. “ოცნება” უნდა იყოს ფრთხილად, რომ არ დაემართოს მეორე გავრილოვი”, – აღნიშნა რუხაძემ.