ხელისუფლება გადავიდა ბოლშევიკურ ტერორზე – ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. ვაშაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას ქმედებაში არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული არ ყოფილა.
„იმის მაგივრად, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ამ კოლაბორაციონისტურ ხელისუფლებას დაეწყო პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი, ამის მაგივრად დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. უკვე გამოაცხადეს, რომ აპატიმრებენ კონსოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. დამიჯერეთ, ეს ბოლო დაპატიმრება არ არის. თუ შედგა ეს დაპატიმრება, ამას კიდევ ბევრი სხვა დაპატიმრება მოჰყვება. იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი ახლა განწირული ხელისუფლებისთვის არის ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ქუჩაში ერთმანეთის თავპირის მტვრევაზე. ნიკა მელიას ქმედებაში არ იყო არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული, ნიკა მელია გამოიტანეს ხელით პარლამენტიდან და ჩამოუშვეს ქვემოთ ქუჩაში და ადამიანმა ერთადერთი, რაც თქვა იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ჩვენი ხელფასით ვინახავთ,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.














