ჟურალისტური ეთიკის ქარტია ანრი ოხანაშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ხორციელდება ხელისუფლების მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ.
,,ანრი ოხანაშვილმა გადაცემის წამყვანის შესახებ მწვავე შეფასებები გააკეთა, რამდენჯერმე ახსენა მასთან მიმართებით მორალი და ზნეობა და დიანა ტრაპაიძის რჩევაზე, ამ გადაცემის შესახებ ქარტიისთვის მიემართა, განაცხადა: “მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს, რა პროფესიაშიც არ უნდა იყო და როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულებას გადაუხვევთ, იქ ჩივილს აზრი აღარ აქვს. რაზე მესაუბრებით დიანა, მორალი და ზნეობა თუკი არ გააჩნია ადამიანს, რომელ ჩივილზეა საუბარი”.
TV პირველთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, 10 თებერვალს, განცხადება გაავრცელა კოალიციამ მედია ადვოკატირებისთვის (რომლის წევრი ეთიკის ქარტიაც არის). განცხადებაში შეშფოთება იყო გამოთქმული TV პირველის მესაკუთრის ოჯახის წევრზე შესაძლო სამართლებრივი წნეხის შესახებ.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხორციელდება ხელისუფლების მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ. ქარტიის საბჭო გმობს აღნიშნულ ფაქტებს, მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ჟურნალისტების მიმართ მსგავსი, აგრესიული ფორმით თავდასხმისგან და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეახსენებს, რომ ნებისმიერი შესაძლო ჟურნალისტური შეცდომა უნდა განიხილებოდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
მედიის მიმართ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების განგრძობითობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობას”,- წერია ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანრი ოხანაშვილს უპასუხა ტელეკომპანია პირველის დირექტორმა, ინგა გრიგოლიამაც. ,,თქვენ ვინ დაგნიშნათ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის მაკონტროლებლად? ვინ დაგნიშნათ ჩვენს უფროსებად?”,- მიმართა გრიგოლიამ ოხანაშვილს.