“ხელისუფლება ყველა ხერხით ცდილობს ხელი შეგვიშალოს სამართლის ძებნაში“–რუსთავი2–ის ყოფილი დამფუძნებელი

ტელეკომპანია რუსთავი2–ის ყოფილი დამფუძნებელი, დავით დვალი ტელეკომპანიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:
“ზუსტად 25 წლის წინ რუსთავი 2 პირველად გავიდა ეთერში. მეოთხედი საუკუნეა, რაც რუსთავი 2 მა შეუქცევადად შეცვალა მედიასივრცე და მთლიანად ქვეყანაც.
უკვე 15 წელია რაც ჩემთვის ეს დღე იქცა სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის და უსამართლობის სიმბოლოდ. 7 წელი სრულდება რაც სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებულებით მოსული ხელისუფლება ყველა ხერხით ცდილობს ხელი შეგვიშალოს სამართლის ძიებაში. არ ემეტება რუსთავი 2 დამფუძნებლებისვის..
ჰოდა სულ რაღაც ორ კვირაში 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის. ეს ნიშნავს რომ ჩვენ, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს, საბოლოოდ გვეკარგება შანსი სამართლებლივი გზით ვიბრძოლოთ 2004 წელს სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ. საბოლოოდ და სამუდამოდ!
ამ დღეებში ჩვენ საგანგებო მიმართვას გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მანამდე კი გილოცავთ ვისთვისაც ეს დღე და ეს ტელევიზია ძვირფასია.“– წერს დავით დვალი, რომელმაც რუსთავი2–ის კიდევ ერთ მეწილესთან, ჯარჯი აქიმიძესთან ერთად ტელეკომპანიის წილი 2004 წელს დათმო იმ დროისთვის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ. 2012 წლიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დვალმა და აქიმიძემ განაცხადეს, რომ ტელეკომპანია თავის დროზე იძულებით დაათმობინეს და მის დასაბრუნებლად ბრძოლას გეგმავდნენ. პროკურატურამ მათ დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭა, თუმცა მას შემდეგ საქმე ადგილიდან არ დაძრულა.
სამაგიეროდ, ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც თავის დროზე რუსთავი2–ის წილი აქიმიძისგან და დვალისგან გადაიფორმა, შემდეგ კი გაყიდა, სასამართლოში რუსთავი2–ის დასაბრუნებლად ბრძოლა დაიწყო. ამ პროცესში დვალი და აქიმიძე მის გვერდით აღმოჩნდნენ. ხანგრძლივი და დაძაბული სასამართლო პროცესების და რუსთავი2–ის დასაცავად პროტესტის ფონზე ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ თუ სასამართლოს მოიგებდა საკუთარი წილის ნახევარს დვალს და აქიმიძეს აჩუქებდა. ქიბარ ხალვაშმა სასამართლო მოიგო, თუმცა მისი აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა  და დღემდე რუსთავი2–ის მფლობელის ბედი სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უზენაეს სასამართლოში პროცესის მოგების შემდეგ დვალმა და აქიმიძემ ქიბარ ხალვაშს დადებული პირობა შეახსენეს, თუმცა ქიბარ ხალვაშმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა: “ზუსტად იმდენს გავუყოფთ, რამდენსაც დაიმსახურებენ და მოვილაპარაკებთ.“

რუსთავი2–ის მფლობელობასთან დაკავშირებულ რთულ დავაში დვალის და აქიმიძის შანსები დროთა განმავლობაში მინიმუმამდე დავიდა.