ხელისუფლება ზუგდიდში არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება – ბაჩუკი ქარდავა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ბაჩუკი ქარდავა, ზუგდიდში არჩევნების  მოსალოდნელ გაყალბებაზე საუბრობს.  ქარდავამ ბრიფინგი დღეს ყოფილი მე-12 სკოლის ტერიტორიაზე გამართა.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საარჩევნო კომისიის მონაცემებით 100 ამომრჩეველი ცხოვრობს, რეალურად კი სკოლა უკვე 4 წელია აღარ არსებობს, მის ადგილზე კი ამჟამად  ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ზუგდიდში ხელისუფლება ე.წ. კარუსელებისთვის ემზადება.

„აქ არის 893 ამომრჩეველი რეგისტრირებული და აქედან სადღაც 100-ის ფარგლებში, 50-ზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად არის ყალბად მიწერილი და ეს ადამიანები აქ რეალურ მისამართზე არც ცხოვრობენ და არც ალბათ წლებია უკვე არ გამოჩენილან სიახლოვეს, თუმცა არჩევნების დღეს საოცრად „ქართული ოცნების“ ლიდერების ორგანიზებით ეს ადამიანები ორგანიზებულად მოდიან ხოლმე არჩევნებზე. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ეს ის ადამიანებია, რომელსაც “კარუსელის” მექანიზმით იყენებს „ქართული ოცნება“ ასეთ მიწერებს,“ – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

გაერთიანებულ ოპოზიციას საოლქო კომისიაში უკვე  უპასუხეს. #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით,  საარჩევნო სიები 5 მაისამდე გასწორდება.

„მე-12 სკოლა ყოფილი, ეკლესიის ტერიტორია ახლა, არასაცხოვრებელი ფართია და აქ ვინ სად არის მიწერილი ეგ ჩემი კომპეტენცია არ არის. კომპაქტურად დევნილების ჩასახლება მანდ არ არის და ახლა თუ ვინმე კერძო პირის ოჯახში არის და ფიქსირდება და რეგისტრაცია აქვს. ვიცი, რომ სკოლა არ არსებობს და ამისთვის არის ამომრჩეველთა ერთიანი სიები. 5 მაისამდე თუ სადმე რამე ხარვეზი დაფიქსირდება, საუბნო საარჩევნო კომისია ეტაპობრივად აწვდის ოლქს, საოლქო საარჩევნო კომისია იხილავს, ვინმე ამოსაღებია – ამოვიღებთ, ვინმე ჩასასმელია – ჩავსვამთ,“ – განაცხადა მირანდა მესხმა.