“ხელისუფლებამ არჩევნები მიუღებელი მეთოდებით ჩაატარა“– შალვა შავგულიძემ დამარცხება აღიარა

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საღამოს გამართულ ბრიფინგზე არჩევნების მეორე ტურში დამარცხება აღიარა და ხელისუფლების გამარჯვების ერთ–ერთ მიზეზად ამომრჩევლის დაბალი აქტივობა დაასახელა. გარდა ამისა, მისი თქმით ხელისუფლებამ არჩევნები ძალიან ცუდად, მიუღებელი მეთოდებით ჩაატარა:
„მართალია „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატებისგან“ შემდგარი ჩვენი გუნდის ძალისხმევა, ასევე ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებდით ამ არჩევნების პერიოდში სხვა პოლიტიკური ძალების და საზოგადოების წარმომადგენლებისგან, დღეს არ გახდა საკმარისი წარმატების მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ამ სურათს შევცვლით და წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ ხვალ. სამწუხაროდ ამჯერად ჩვენ ვერ შევძელით როგორც ჩანს, მთაწმინდელი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის დარწმუნება იმაში, რომ იმ ხელისუფლების შესაცვლელად, რომელსაც აღარ ენდობი საკმარისი არ არის პასიური პროტესტი. ამისთვის საჭიროა არჩევნებზე მოსვლა და აქტიურად შენი პოზიციის დაფიქსირება. ამომრჩევლის დაბალი აქტივობის ფონზე, ხელისუფლებამ შეძლო და შეინარჩუნა პოზიციები.

თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ გავაგრძელებთ პარტნიორულ თანამშრომლობას. ჩვენ უფრო ინტენსიურს და მჭიდროს გავხდით ურთიერთობას ხალხთან, საზოგადოებასთან. გავაძლიერებთ კოორდინაციას დასავლური, დემოკრატიული ორიენტაციის სხვა პოლიტიკურ ძალებთან და მოვემზადებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის და არჩევნების გზით შევცვლით ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მის კეთილ მომავალს“, – განაცხადა შავგულიძემ.