,,ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს ,,ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას მანდატების 110/40-ზე განაწილება შესთავაზა.
მისი თქმით, ამ პროპორციას ოპოზიცია არ ეთანხმება, რადგან შეთანხმება მხოლოდ იმ პროპორციაზე შედგება, რომლითაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით პოლიტიკური ძალა უმრავლესობის ფორმირებას ვერ შეძლებს, 110/40-ზე პროპორცია კი ,,ამ ტესტს” ვერ გადის.
„სიახლე არის ის, რომ ხელისუფლებამ ახალი პროპორცია თქვა – 110/40-ზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან შეთანხმება მხოლოდ ორი კომპონენტის შემთხვევაში იქნება – პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უარის თქმა და რაც მთავარია, პროპორციული მისწრაფების მაქსიმალურად გათვალისწინება. ეს არის ის, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვისაც აქვს, მას არ შეეძლოს დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირება. 110/40-ზე ამ ტესტს არ გადის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით. თუმცა, საუბრობენ რაღაც დამატებით კომპონენტებზე, რაზეც მსჯელობა მიდის ახლა. ვნახოთ, დაველოდოთ კიდევ რას იტყვიან. 110/40-ზე, ამ ციფრების განლაგებას არავინ ეთანხმება, ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს საუბრის დროს”, – განაცხადა ვაშაძემ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან, სადაც ოპოზიციის, უმრავლესობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებოდნენ.
გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ოპოზიციამ მმართველ ძალასთან მოლაპარაკება შეწყვიტა. ისინი 10 თებერვალს ,,ქართული ოცნებისთვის” 130/20 განაწილების შეთავაზებას აპირებდნენ.