“ხელისუფლებას ძალიან ეშინია”-თამთა მურადაშვილი გვარამიას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ეხმაურება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ორი დღით ადრე, ჩანს რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია – ამის შესახებ რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი აცხადებს.  შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის  9%-იანი წილის მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დღეს პროკურატურაში  სარჩელი შეიტანა.

“რუსთავი2”-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის თქმით, არგუმენტები, რომელიც ნინო ნიჟარაძის ადვოკატს აქვს საფუძველს მოკლებულია. მისივე განცხადებით, როგორც ჩანს ხელისუფლებამ იცის, რომ სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და ახლა ნინო ნიჟარაძესა და მის ადვოკატს იყენებენ, რომლებსაც სავარაუდოდ, პირადი დაინტერესებაც აქვთ.

„გამოიკვეთა, ის რომ თითქოს ვითომ აუდიტორიული კომპანიისთვის უნდოდათ გადაეცათ და დიდ ოთხეულს შეესწავლა,სად არის დიდი ოთხეული? ჯერ კითხვების ფორმულირებაც კი არ მოუფიქრებიათ მათ,რომ ავირჩიოთ აუდიტორული კომპანია,რომელიც შეაფასებს ამ კომპანიის საქმიანობას, მაგრამ დაასწრეს მოვლენებს, დაასწრეს იმიტომ რომ ისინი არიან ხელისუფლება და ხელისუფლებას ორი დღით ადრე სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ძალიან ეშინია. ერთის მხრივ ეს არის კარგი ფაქტი, ნინო ნიჟარაძემ და მისმა ადვოკატმა მოახდინეს სრული ლუსტრირება, ჩვენი ზედმეტი კომენტარის გარეშე.

მათ თავად თქვეს ვის წარმოადგენენ ისინი, აქამდე ჩვენ ადვოკატზე არ ვამბობდით არაფერს იმიტომ რომ მას კლიენტი ჰყავს ნიჟარაძე და მის ინტერესებს წარმოადგენს, მაგრამ დღეის მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის პირადად არის ჩართული უკანონო ქმედებებში რუსთავი2-ის წინააღმდეგ. დღეს გაკეთებული განცხადებები, კონკრეტულად მესამე არხთან დაკავშირებით, არისის რომ ის განზრახ ტყუის, როცა მან ძალიან კარგად იცის ეს და პასუხი მიიღო წინა სხდომაზე, მიუხედავად ამისა, ის ტყუის, ეს ნიშნავს, რომ ის პირადად არის ჩართული, მას რაღაც ინტერესი აქვს. რაც რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არაუშავს, მისი რეპუტაცია, როგორც ადვოკატის აქამდეც იყო ცნობილი. ეს არის ცალსახა ლუსტრაცია და ის რომ ხელისუფლება არის ძალიან სასოწარკვეთილი როგორც ჩანს, როგორც ჩანს სტრასბურგის სასამართლო არის ჩვენს სასარგებლოდ და მათ წინააღმდეგ და აღარ იციან რა ქნან.

ორი დღით ადრე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ასეთი უსაფუძვლო არგუმენტებით პროკურატურაში შეტანა, როცა კვლევა არ დაუსრულებიათ, რომ აუდიტორულ კომპანიას გადასცენ ეს საკითხი, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ცუდად აქვს საქმე სტრასბურგში,“-ამბობს თამთა მურადაშვილი.

9 პროცენტიანი წილის მფლობელის სახელით სარჩელი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, დღეს დილით პროკურატურაში შევიდა. აქციონერის ადვოკატის თქმით,  ნიკა გვარამიამ არხი დააზარალა.