,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლების კომენტარები ბოლო პერიოდში ,,ძალიან შერბილებულია და საღ გონებასთან უფრო ახლოს არის”.
,,თქვენ თუ გახსოვთ, მეორე თუ მესამე რაუნდი იყო, მე თქვენ გითხარით, რომ სწორი მიმართულებით დაიძრა ხელისუფლება და იმედი მაქვს, ეს მოძრაობა გაგრძელდება, მით უემეტეს, კომენტარები ძალიან შერბილებულია და საღ გონებასთან ახლოს არის. ყველაფერს მივაღწევთ, ან ვერაფერს მივაღწევთ. არის მარტივი წესი დიპლომატიის, თუ ყველაფერი შეთანხმებული არ არის, არაფერია შეთანხმებული”,- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციასთან, სადაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა იმართება.
მან ოპოზიციის მოთხოვნებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი საკითხია პოლიტიკური პატიმრები, მაქსიმალურად დაახლოება პროპორციულ არჩევნებთან და ვენეციის კომისიის და კონსტიტუციური სასამართლოს რეკომენდაციების გათვალისწინება.
,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და გაერთიანებულ ოპოზიციას რაც შეეხება, ჩვენთვის ამ თანმიმდევრობით არის ყველაფერი მნიშვნელოვანი: პოლიტიკური პატიმრები, ამის შემდეგ მაქსიმალურად დაახლოება პროპორციულ არჩევნებთან, ამის შემდეგ ვენეციის კომისიის და კონსტიტუციური სასამართლოს რეკომენდაციების გათვალისწინება, იმისთვის რომ ოლქები იყოს თანასწორადი, თანაბარი ამომრჩევლების რაოდენობით და ამის შემდეგ ის, რომ ჩვენი საერთაშორისო მოკავშორეების ჩართულობა არ შეწყდეს, რაც შეეხება ეუთო-ს და ოდირ-ის რეკომენდაციებს, ყველაფერი პირწმინდად შეასრულოს ხელისუფლებამ”,- თქვა გრიგოლ ვაშაძემ.