რუსთავი2–ის ყოფილი დამფუძნებელი, დავით დვალი რუსთავი2–ის ახალ მფლობელთან, ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის წინ პესიმისტურ განწყობაზეა. მისი და ჯარჯი აქიმიძის შეხვედრა ქიბარ ხალვაშთან სამი დღის წინ უნდა შემდგარიყო, თუმცა დღეისთვის გადაიდო. შეხვედრა არც დღეს შედგა და ამჯერად ხვალისთვის გადაიდო.
ქიბარ ხალვაში რუსთავი2–ის მფლობელობისთვის დაწყებული სასამართლო დავის პირველ ეტაპზე აცხადებდა, რომ თუ რუსთავი2–ს დაიბრუნებდა, მის 50%–ს კომპანიის ყოფილ დამფუძნებლებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაუბრუნებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 18 ივლისს რუსთავი2 სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა, ის წილის გაყოფას აღარ ჩქარობს.
დავით დვალმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, რომ ისინი შეხვედრაზე ხალვაშს უბრალოდ მოუსმენენ და არანაირ კულუარულ მოლაპარაკებას არ აპირებენ. მისი თქმით, არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში ქიბარ ხალვაშთან მოლაპარაკებას ვერ შეძლებენ, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს.
დავით დვალმა ქიბარ ხალვაშთან შეხვედრის წინ ფეისბუქზე პესიმისტური სტატუსი დაწერა:
“უცანაურად მაგონებს 2004 წელს ის რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში ხდება. ივნისს, როდესაც ტელევიზიას სამრთლებლივად გამოუტანეს განაჩენი და ამას არავინ იმჩნევდა.
კარგი, მაშინ სოცქსელები არ არსებობდა, ინფორმაციამ არ გაჟონა (cough), ახლა?
ახლა ხომ ნამდვილად ვიცით რომ, ავტორს დავესესხები და “ძველ, ნამდვილ „რუსთავი 2“-ს მიწის ზემოთ არ დატოვებენ… ხელისუფლების მოსაწონი ოპოზიციური მედია მკვდარი მედიაა, რადგან მკვდრები არ იკბინებიან…”
რა ბორდები, კონტრაქტები, გარანტიები?
ბოდიში პესიმიზმისთვის”იმ” შეხვედრის წინ, რომელიც ხვალისთვის გადაიდო..“ – წერს დვალი