სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წამზომი ჩართულია და უკუსვლა დაწყებულია. მიმდინარე პროცესებზე ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა:
“ერთი რუსთაველზე დარბევაღა აკლდა ქართულ ოცნებას. დანარჩენი ყველაფრით დაემსგავსა ნაციონალურ მოძრაობას. ერთადერთი სისხლი არ უდენიათ ხალხისთვის რუსთაველის გამზირზე და ესეც იყო. იმათ ქონდათ შვიდი ნოემბერი და 26 მაისი, ამათ აქვთ 20 ივნისი.
ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლებები ნდობას ემყარებიან, არანორმალურ ქვეყანაში ძალადობას და შიშს. რვა წელი შესრულდება რაც ხელისუფლებაში არიან და რაც არ უნდა გეკითხა, ერთადერთი რასაც იძახდნენ ნაციონალების ცხრა წელია. მთლიანად წყალს გაატანა ყველა იმედი და მოლოდინი ივანიშვილმა. ყველაფერი გაფლანგა. აჩემებული რომ ქონდა ჭარბი ნდობა , ჭარბი ნდობა კი არა, გაფლანგა ყველაფერი და წავიდა უკვე დაჭერებზე, ძალადობაზე, შეშინებაზე, იმიტომ რომ ამოიწურა აბსოლუტურად. რვა წლის თავზე ქართული ოცნება არის საკუთარი თავის კარიკატურა.
ლარის კურსზე რომ ეკითხებით, 1:3–ზე რატომ გახდაო, ნაციონალების ბრალიაო იძახიან. არაფერზე პასუხი არ აქვთ.ერთადერთი რითაც ოდნავ მორალური უპირატესობა ქონდათ ნაცებთან შედარებით ეს იყო, რომ არ ძალადობდნენ ისე, როგორც ძალადობდა ნაციონალური მოძრაობა და ეს ტაბელიც გადააბრუნეს რუსთაველზე.
ივანიშვილი ვერაფერს ვერ შეცვლის. კორუფციის ჭაობში არიან. ჭაობში სანამ წელამდე შეხვალ, გგონია რომ ამოხვალ უკან, მაგრამ წელამდე რომ ხარ უკვე ჩაფლული მერე საკუთარ თავს ვეღარ ამოიყვან ჭაობიდან. ასე არიან ჩაფლული. ეს ქვეყანა არ არის ქვეყანა. ეს არის ერთი კაცის მომსახურების სააგენტო. ჩვენ რაღაცას ვკუდაბზიკობთ, ვითომ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელსაც რაღაც სახელმწიფო ინსტიტუტები აქვს, არანაირი ინსტიტუტები არ არსებობს. ერთი კაცი არის, რომლის ხოშზე არის ეს ქვეყანა და ყველაფერი ემსახურება მის ინტერესს. უბრალოდ ფული არ იშოვება ბევრი, თორემ რაც იშოვება იქიდან ცდილობს გამოწუროს ამ ქვეყანას – ბიტკოინებზე გლდანში თავისუფალი ეკონომიკური ზონა რომ გამოაცხადა,წარმადობით მეორე იყო მსოფლიოში და სასტუმროებია თუ რაშიც იშოვება ფული ყველგან ცდილობს ფული იშოვოს.
ივანიშვილი არის ამოწურული, უბრალოდ ყველამ უნდა მოვინდომოთ ერთი რამ. მე რაც ხმები მომდის უნდათ უკან პროპორციულის წაღება. ყველას პასუხისმგებლობაა, რომ მივაყვანინოთ პროპორციულ არჩევნების საკითხი ბოლომდე, რაც აჩენს იმის შანსს, რომ არჩევნებით გავუშვათ ეს კაცი.
სააკაშვილი და ივანიშვილი არიან აბსოლუტურად ერთნაირები.ერთი უბრალოდ მაღალია და მეორე დაბალი. არაფერი განსხვავება მათ შორის აღარ არის. ორივე აწვალებს და ჯიჯგნის ამ ქვეყანას. სააკაშვილი რომ დაისკოჩოს ერთი ორი წელი ჩვენ მოვახერხებთ რომ ივანიშვილი გავუშვათ. შეჭამა იმ კაცმა იქიდან ეს ქვეყანა და ამან აქედან და ერთმანეთს ეხმარებიან. ფერი ფერსაო ამათზეა ნათქვამი. იმ შიშით ინარჩუნებს ქართული ოცნება დღემდე ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. და სააკაშვილიც ეხმარება ამაში.
ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჯამში ოპოზიციის ხმები არის ბევრად მეტი და ეს რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიყვანოთ, მართლა ძალიან დიდი შანსი იქნება რომ ხელისუფლებიდან გავუშვათ ქართული ოცნება და სულ მცირე უმრავლესობა არ ქონდეს, რომ ეს ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე დადგეს. ყველას ამოცანაა რომ ალტერნატივები გავაჩინოთ და ყველას დავუმტკიცოთ, რომ მარტო სააკაშვილი და ივანიშვილი არ არიან.“– ამბობს ელისაშვილი.