ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე პრემიერის თანამდებობიდან მამუკა ბახტაძის პრაქტიკულად გადაწყვეტილ წასვლას ფეისბუქზე იუმორისტული ჩანახატით ეხმაურება:
“ხელში ჩამივარდა აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადადგომის წინ გასაკეთებელი მიმართვის ტექსტი:
”ძვირფასო მეგობრებო, გუნდთან და ბატონ ბიძინასთან მოთათბირების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ-მინისტრის პოსტი. ამის გაკეთებას უფრო ადრე ვაპირებდი, რადგან შევასრულე ის მისია, რისთვისაც მომიწია ბატონი ბიძინასადმი დათანხმება, როცა მთავრობის ხელმძღვანელად დანიშვნის შემოთავაზება მივიღე. ბატონი ბიძინასადმი დიდმა პატივისცემამ გადამაწყვეტინა დავრჩენილიყავი ამ მეტად საპატიო თანამდებობაზე იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ჩაფიქრებული მქონდა.
რისი გაკეთება მოვასწარი ამ მოკლე დროში: გავამკაცრე საფინანსო სფეროს რეგულირება, რომელიც მძიმედ აისახა ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენს მოქალაქეებზე, მაგრამ რამდენიმე წელიწადში ვიგრძნობთ მის სასიკეთო ზემოქმედებას მშპ-ს ზრდაზე. ჩემი გუნდის დიდი მცდელობის შედეგია, რომ ლარი გაუფასურდა მხოლოდ სამამდე, თორემ საგარეო ფაქტორების, მოლოდინებისა და უპასუხისმგებლო ოპოზიციის გამო, დღეს იგი შეიძლება ექვსიანის ნიშნულამდეც კი ყოფილიყო დაცემული. ბატონი ბიძინას რჩევით და წინამძღოლობით წინასაარჩევნოდ ჩამოვაწერეთ ჩვენს ამომრჩევლებს უიმედო სესხები ერთი ლარიდან 2 ათასი ლარის ფარგლებში, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ღირსეული და ბატონი ბიძინას ერთგული პრეზიდენტი მოგვეყვანა ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოში.
და ბოლოს, ბატონი მამუკა გორგოძე, ჩვენი ლეგენდარული კაპიტანი, დავაბრუნე საქართველოს რაგბის ნაკრებში.
მივდივარ მშვიდი გრძნობით, რადგან მე შემცვლის ადამიანი, რომელიც დიდი ხანია უმიზნებდა ამ პოსტს, ემზადებოდა ამისათვის ჯერ კიდევ მანამ, სანამ მე აქ დავინიშნებოდი. მან თავისი არა ერთი ქმედებით დაამტკიცა, რომ არის ბატონი ბიძინას ბრძნული პოლიტიკის გამგრძელებელი და ყოველთვის მზადაა უსიტყვოდ შეასრულოს მისი სწორი თუ არასწორი მითითებები, რაც ნათლად მეტყველებს მისი მხრიდან ერთგულების გრძნობის ქონაზე.
გემშვიდობებით და რადგან ”ვანოს შოუს” მუსიკალური ნაწილის ხშირი სტუმარი ვიყავი, ამ ლამაზი სიმღერის რეპული ვერსიით მინდა დაგიქნიოთ ხელი:
”მეე, მე, მე, მეეე!
მზე ჩავა და მზის უბეში,
ბადრი მთვარე გაჩერდება,
მე წავალ და ჩემზე კარგი,
სიმღერები დაგშვენდება.
მეე, მე, მე, მეეე!“– წერს რომან გოცირიძე