ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პოლიციაში დაკითხვები დაიწყო. ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში “ხიმინჯ სერვის 2”-ის ხელმძღვანელები დაკითხეს.
“ხიმინჯ სერვის 2” ჭავჭავაძის 5 ნომერში სამუშაოებს უბედური შემთხვევის ადგილზე ასრულებდა და ორივე გარდაცვლილი სწორედ აღნიშნული კომპანიის თანამშრომელი იყო.
შპს „ხიმიჯ სერვის 2-ის“ დირექტორი, ოთარ ცნობილაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე დაცული იყო.
„პირველი შემთხვევა იყო ეს, უსაფრთხოება დაცული იყო, ყველაფერი და იყო უბედური შემთხვევა. წუხელაც ვიყავი, ახლაც მივდივარ დაკითხვაზე,“ – ამბობს ცნობილაძე.
“ხიმიჯ სერვის 2“ ინსპექტირების წარმომადგენლებმა დღეს ათასი ლარით დააჯარიმეს. როგორც ცნობილი გახდა, კომპანიას რეგისტრაცია არ ჰქონდა გავლილი საფრთხის შემცველ სამუშაოებთან დაკავშირებით.
კომპანიები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
“ხიმიჯ სერვისის” წარმომადგენლებმა დამქირავებელი კომპანია “ტრანსმშენსი” გააკრიტიკეს, რომელმაც გავრცელებულ განცხადებაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.
ვაკეში მომხდარ ტრაგედიას უბედურ შემთხვევად მოიხსენიებს ადვოკატი, გიორგი ყიფშიძეც. მისი თქმით, შემთხვევის დღეს სამუშაოები დასრულებული იყო, თუმცა, არსებულმა გამაგრებამ მიწის დაწოლილ მასა ვერ გაუძლო.
„წინასწარი ვერსიით, ეს იყო უბედური შემთხვევა, რა თქმა უნდა, ცალსახად. არსებულმა გამაგრებამ ვერ გაუძლო დაწოლილ მასას მიწისას და მოხდა ასეთი რამ, სამწუხაროდ, უკვე დასრულებულ იმ დღის სამუშაოებზე. ხელშეკრულების მიხედვით, მომუშავე პერსონალზე მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა ევალებოდა “ხიმინჯ სერვის 2”-ს, ამის უარყოფა იქნება ალბათ არასწორი. სავალდებულოა, საქართველოში იმ სამუშაოების ჩამტარებელი კომპანიის მიერ რეგისტრაცია, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის სიცოცხლის საფრთხეს და ეს რეგისტრაცია კომპანიას სამწუხაროდ გავლილი არ ჰქონდა,“ – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.
ყიფშიძე ვარაუდობს, რომ აღნიშნულ საქმეში ბრალეულობის გამოკვეთის შემდეგ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცემიან.
„ამ ტიპის უბედური შემთხვევების დროს თუ რაიმე ტიპის დაუდევრობაა, ეს უნდა თქვას ექსპერტიზამ. მხოლოდ ამის შემდეგ, სავარაუდოდ, უკვე პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას მისცეს ვინმე პასუხისგებაში თუ არ მისცეს, მაგრამ არა მგონია, მთლად ასე ჩაიაროს ამ საქმემ, რომ ვინმე არ იქნეს მიცემული პასუხისგებაში. ეს ცალსახა თავის მოტყუება იქნება, რომ სხვანაირად ვიმსჯელოთ,“ – განაცხადა ადვოკატმა.
ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობის დროს მიწის ჩამოშლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა გუშინ ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიწა შენობის საძირკველის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა.
“ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებდა და მუშებიც სწორედ მათთან იყვნენ დასაქმებულები.