ხმაური იყო დღეს ტვერელის ეკლესიასთან, სადაც ზალდასტანშვილის ქუჩის მოსახლეობა, არასამთავრობოები და პოლიტიკოსები საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. კომპანია “მკ დეველოპმენტმა“ ტერიტორიაზე მიწის თხრა ტვერელის ეკლესიის ძირში დაიწყო. მონგრეულია ეკლესიის ჯებირიც. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპლექსი მიწის თხუთმეტი მეტრის სიღრმეზე ჩათხრას ითვალისწინებს, რაც ადგილობრივი ქანების პიროებებში საშიშია. პროექტს აპროტესტებენ ურბანისტები, კულტურული მემკვიდრეობის დამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა აზრით, გარდა იმისა, რომ მთაწმინდის ფერდობზე მსგავსი მშენებლობები საშიშია, პროექტი უხეშად იჭრება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფიზიკურ და ვიზუალურ ზონაში და მას აზიანებს.
საპროტესტო აქციაზე პროექტის დეველოპერიც მივიდა, რომელიც აცხადებს რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. იგივეს აცხადებენ თბილისის მერიაში, სადაც მშენებლობის ნებართვა 2018 წლის ბოლოს გასცეს. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა, პოლიტიკოსები და არასამავრობოები ამბობენ, რომ მერიის მიერ გაცემული ნებართვა პროექტის კანონიერებას არ ნიშნავს. ხმაური და კამათი ტვერელის ეკლესიასთან დიდხანს გაგრძელდა. აქციაზე მივიდნენ საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი, თბილისის ჰამქრის ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი, პარლამენტარი ელენე ხოშტარია, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი, მწერალი ლაშა ბუღაძე.