ხმაური იყო დღეს ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან სადაც დაკავებული ბიზნესმენის, ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრების და ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს, რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ გზა გაახსნევინეს.
პოლიციამ გზის პირას კორდონი აქვს გააკეთა რის შემდეგაც დაპირისპირება იყო სამართალდამცველებსა და ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებს შორის.ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მოქალაქეები სოფელ შამგონადანაც შეუერთდნენ.
აქციაზე ბესიკ დგებუაძის დედა შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.
დაკავებული დგებუაძის მამა კი ამბობს, რომ აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ მის შვილს არ გაათავისუფლებენ. დგებუაძის ოჯახი იმუქრება, რომ შამგონაში 19 მაისის არჩევნებს ჩაშლიან.
დგებუაძის ოჯახის წევრები, გუშინ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დგებუაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.
დგებუაძის, ადვოკატი აცხადებს, რომ სამართალდამცველები დგებუაძის ოჯახის მოსმენას უკანონოდ ახორციელებენ.
„წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს, ვინაიდან, უსაფუძვლო არის ბრალდება. რაც შეეხება თვითონ მოსმენას, მოსმენა განხორციელდა სასამართლო განჩინების საფუძველზე როგორც ჩვენთვის ცნობილია, თუმცა იმის შემდეგ, რაც მოხდა ფარულად დამონტაჟება მოსასმენი მოწყობილობის, ოჯახი აცხადებს, რომ დღემდე რჩება იქ მოსასმენი მოწყობილობა, იმიტომ რომ მერე არავინ არ მისულა და არ წამოუღია“ – აცხადებს ადვოკატი.
ბესიკ დგებუაძე, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, ოჯახის წევრების განცხადებით, უკანონო პატიმარია და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ. ბიზნესმენი ცრუ ჩვენების მიცემის საფუძველზეა დაკავებული.
ბესიკ დგებუაძე, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ მომხდარი დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული. გარჩევისა და სროლის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა.
როგორც ბესიკ დგებუაძის უფლებადამცველი ამბობს, მას არ დაუნახავს, ვინ გაისროლა მისი მისამართით. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.