ხორცი გაძვირდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ თბილისის ცენტრალურ ბაზარში საქონლისა და ცხვრის ხორცზე ფასი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. ისინი ადასტურებენ, რომ ბაზარში ხორცს ახლა უფრო იშვიათად ყიდულობენ.
საქონლის ხორცზე ფასების მატებას მოვაჭრეები ქართული ხორცის ექსპორტზე გატანას უკავშირებენ. კანონმდებლობის მიხედვით, ხორცი, რომელიც ფერმიდან უცხოეთში გადის, 140 კილოგრამზე ნაკლები არ უნდა იყოს. შესაბამისად, ბაზარზე აღარ არსებობს ხბოს ხორცი, რაც ფასებზე ავტომატურად აისახება. „კურიერის“ ინფორმაციით, ხშირ შემთხვევებში ფერმებში, საიდანაც საქონლის ხორცს ყიდულობენ, არც სასწორები აქვთ და არც მონიტორინგი ხორციელდება, რომელიც კანონის დარღვევის საშუალებას ფერმერს არ მისცემს.
ფერმერები საქონლის ფასების კიდევ უფრო მატებას არ გამორიცხავენ. მთავარ მიზეზად კი ხორცზე ქვეყანაში არსებულ დეფიციტს ასახელებენ.
თუ აქამდე აგრარულ ბაზრებში ერთი კილოგრამი საქონლის ხორცი 18 ლარი ღირდა, ახლა ის 20 ლარამდე გაიზარდა, მაღაზიებში კი საშუალოდ – 21 ლარია.
ფერმერები მიიჩნევენ, რომ წარმოება სახელმწიფომ უნდა დაიცვას და წაახალისოს. საქართველოდან საქონლის ძალიან დაბალი წონები გადის ექსპორტზე. დანარჩენ მსოფლიოში კი ექსპორტიორებს – 300 კილოგრამზე ნაკლები ხორცის ქვეყნიდან გატანის უფლება არ აქვთ.