რევოლუციონერ ლიდერს ხუან გუაიდოს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება 15 წლით აეკრძალა. გადაწყვეტილება ვენესუელას ხელისუფლებამ ფინანსური დარღვევების მოტივით მიიღო.
გენერალური საკონტროლო სამმართველოს ხელმძღვანელის, ელვისა ამოროსო განცხადებით, გუაიდოს ამის ფინანსურ დეკლარაციაში დარღვევები აღმოუჩინეს.
„ვენესუელას საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გენერალურმა საკონტროლო სამმართველომ გადაწყვეტილება მიიღო, ხუან გუაიდოს 15 წლის განმავლობაში ჩამოერთვას ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება“, – განაცხადა ამოროსომ.
1 თვის წინ ვენესუელას გენერალურმა საკონტროლო სამმართველომ ხუან გუაიდოს ფინანსური დეკლარაციის შემოწმება დაიწყო.მოქმედი მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ ფინანსურ დეკლარაციაში რიგი მონაცემები გაყალბებული იყო. მათივე მტკიცებით, ხუან გუაიდომ ფული საერთაშორისო სტრუქტურებისგან უკანონო გზებით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, მან მხარდაჭერა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე მიიღო. გუაიდო პრეზიდენტად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ აღიარა და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.