ინფორმირებული წყაროს ცნობით გეგმა, თუ როგორ უნდა ჩაეგდოთ პარლამენტში პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კანონპროექტი ლაშა ნაცვლიშვილმა და პარლამენტში ე.წ. კალაძის დაჯგუფების წევრებმა მოიფიქრეს. ამ გეგმაში თავიდანვე მონაწილეობდა თავად კალაძე, თუმცა ბიძინა ივანიშვილს გეგმა უშუალოდ ოთხმა ადამიანმა: ლაშა ნაცვლიშვილმა, არჩილ თალაკვაძემ, მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემ გააცნეს. სწორედ მათი იდეა იყო ე. წ. მაჟორიტარების ამბოხის გათამაშება. ივანიშვილს უთხრეს, რომ პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ქართულ ოცნებას არანაირი შანსი არ ქონდა და ძალაუფლებას სრულად დაკარგავდა, შესაბამისად მოსაფიქრებელი იყო პროპორციული არჩევნების ჩაშლის გეგმა, ე.წ. მაჟორიტარების ამბოხი კი ერთადერთი გამოსავალი იყო. ივანიშვილმა გეგმის განხორციელებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა მისი მოთხოვნით ყველაფერი ისე უნდა განხორციელებულიყო, რომ დარტყმა და პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილისთვის აეცილებინათ.
მოქმედი პირები, ამბოხებული მაჟორიტარები, მათი ტექსტები და როლები წინასწარ გაიწერა. უმრავლესობის ნაწილმა ამის შესახებ მართლაც არაფერი იცოდა და ე.წ. ამბოხების სპექტაკლი ოცნების შიგნით, დახურული შეხვედრებისას მათთვისაც დაიდგა. ისინი მხოლოდ პროექტის ჩავარდნის შემდეგ მიხვდნენ, რასთან ქონდათ საქმე და ამიტომაც დატოვა მათმა ნაწილმა უმრავლესობა.გეგმა იმაზე იყო გათვლილი, რომ ჩავარდნას პროტესტი რომც მოყოლოდა, ის მალევე ჩაცხრებოდა. “რას იზამენ რო?“ – ამით დაამშვიდეს ივანიშვილი.
მას შემდეგ, რაც სპექტაკლი ძალიან მარტივად გაიშიფრა და ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ე.წ. მაჟორიტართა ამბოხების უკან ივანიშვილი იდგა, სავარაუდოდ გეგმის ავტორებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ივანიშვილს დიდი ხანია აღიზიანებს კალაძის მოჭარბებული მადა, მისი ლტოლვა და უნარი მოიპოვოვს გავლენის ბერკეტები და აკონტროლოს ფინანსური ნაკადები, თუმცა მეორეს მხრივ ივანიშვილს კალაძის მოშორება ჯერჯერობით არ სურს, რადგან ის ივანიშვილის გარემოცვის იმ მცირერიცხოვან წევრთა შორის არის, რომელსაც ორგანიზატორული შესაძლებლბები და ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნების უნარი აქვს. რთულ სიტუაციებში ივანიშვილისთვის ასეთი ფიგურა მნიშვნელოვანია, თუმცა პროპორციულის ჩავარდნის გამო დაწყებული საპროტესტო მოძრაობის შემდეგ, როცა ივანიშვილი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარედან დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, შესაძლოა სარისკო გეგმის ავტორებს მან პასუხი მოთხოვოს.