ტელეკომპანია “რუსთავი 2” მისი დაკვეთით ჩატარებული “იპსოსის” საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ხმას, მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, “გაერთიანებული ოპოზიციას” კი 18%, ხოლო “ევროპული საქართველოს” – 7%.
მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ “პატრიოტთა ალიანსი” და “ლეიბორისტული პარტია” , ორივეს 3% აქვს.
გამოკითხულთა 1% მისცემდა ხმას “თავისუფალი საქართველოს”. “რესპუბლიკური პარტია” ამ შემთხვევაში არავის დაუსახელებია.
როგორც ყველა სხვა კვლევაში, ამჯერადაც მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც კონკრეტულ პასუხს არ იძლევიან და ზუსტად არ არის ცნობილი, როგორ მოიქცევიან ისინი არჩევნების დღეს.
გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. თითქმის ამდენივე, 17% არც ერთი პარტიის მხარდაჭერას არ აპირებს, ხოლო 9% უარს აცხადებს პასუხზე.
კვლევა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის” დაკვეთით IPSOS-მა მიმდინარე წლის 1-14 მაისის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩაატარა. კვლევისთვის
შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 1 540 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შესაძლო ცდომილების ზღვარი +/–2.2%-ია.
IPSOS 1975 წელს დაარსდა და წარმომადგენლობა 87 ქვეყანაში აქვს. საერთო ჯამში, კომპანიას 16 530 თანამშრომელი ჰყავს. კომპანია ოთხი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს: მარკეტინგული კვლევები; მედია და სარეკლამო კვლევა; საზოგადოებრივი და სოციოლოგიური კვლევები; კლიენტისა და თანამშრომლის ურთიერთობის მართვა.