ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას,13% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 8% – ევროპულ საქართველოს, 5% – ლეიბორისტულ პარტიას, 4% – პატრიოტთა ალიანსს, 3-3% – ახალ საქართველოს და ერთიან საქართველოს, ხოლო 2% – გირჩს.
გამოკითხული ადამიანების 14% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას მისცემდა ხმას, უარს პასუხზე ასევე 14% ამბობს, 12%-მა კი არ იცის პასუხი.
აღსანიშნავია, რომ NDI-მ კვლევა ახალი მეთოდით ჩაატარა. გამოკითხვისას რესპონდენტებს მისცა პლანშეტი და კითხვაზე პასუხი თავად მოანიშნინა.
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას გამოკითხულთა 65% მიიღებდა. მათგან 49%-ს გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემს ხმას, 48%-ს – არა.
NDI-ის კვლევის მიხედვითვე (ახალი მეთოდით), გამოკითხულთა 20%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 13% – ენმ-ს, 7% – ევროპულ საქართველოს, 6% – ლეიბორისტულ პარტიას, 5% – პატრიოტთა ალიანსს, 4% – ახალ საქართველოს, 3% – ერთიან საქართველოს, 2% – გირჩს. 14% პასუხზე ამბობს უარს, ხოლო 6%-მა არ იცის, რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ახლოს.
კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.