პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება. მისი თქმით, ეს არის ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა.
„ამიტომ, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული და სამარშრუტო ტაქსები ხვალიდან აიკრძალება. შესაბამისად, ქალაქში დარჩება მერიის ტრანსპორტი, ისევე, როგორც მეტრო, მაგრამ, მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ ტრანსპორტის დეზინფექცია, შესაბამისად, აქ ჩვენ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სპა-ცენტრების ფუნქციონირება.
„დღეს შესაბამის უწყებებს დაევალათ, გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, სრულად დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რათა მათაც მიეცეს საშუალება გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას.