ხვალიდან თბილისში 60 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

სატრანსპორტო პოლიტიკა და კახა კალაძის დაპირებები – დედაქალაქის მერმა ევროპის მოედანზე გამართულ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე მოქალაქეებს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებები გაახსენა.
კალაძემ აღნიშნა, რომ ის ასრულებს ყველა დაპირებას და 4 წლის განმავლობაში მთლიანად მოაწესრიგებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურას.

მისი თქმით, თბილისისთვის შეძენილი 220 8 მეტრიანი ავტობუსიდან, 60 ერთეული ხვალიდან უკვე დედაქალაქის ქუჩებში იმოძრავებს.

“სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები და მიზანი რა არის – მე პირობა დავდე ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს და მოსახლეობას 7 ძირითადი მიმართულება წარვუდგინე, რაზეც 4 წლის განმავლობაში ვიმუშავებდი.
მათ შორის ერთ-ერთი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. ამ ცვლილებებში შედის: პირველი – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ავტობუსების პარკის ჩანაცვლება.

ყვითელი ავტობუსები , რომლებიც თბილისს ემსახურება უმძიმეს მდგომარეობაშია, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ. ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსები თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსებით. “, – აცხადებს კალაძე.

თბილისის მერმა მეტროში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განახლდება მეტროსადგურები, არსებული შემადგენლობები, ასევე იგეგმება ახალი შემადგენლობების დამატება.