ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით მამუკა ბახტაძე თავისი ნებით კი არ გადადგა არამედ გადააყენეს, განაცხადა გოცირიძემ ჟურნალისტებთან.
„თქვენ კი არ გადადექით, გადაგაყენეს. როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არავინ გეკითხებათ გადაყენებას. აი ასე, თოჯინებივით დაატარებენ ადამიანებს აქეთ იქეთ ის რეპრესიები რაც განხორციელდა, დაჭერები, „რუსთავი 2“-ის დახურვა, ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის პოლიტიკური დევნა, ის რაც მომავალში მოხდება და აქ შემოიყვანენ ივანიშვილის მოსამსახურე ადამიანებს, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაერქმევათ, ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება – ძალაუფლების შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, ამ მიზანს ემსახურება ფორმალური პრემიერ-მინისტრის, ბახტაძის გადაყენებაც.
თუ გამართლდა ის ჭორი და მართლაც გახარია დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ საქართველოს უკვე მართავს არა ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ რუსეთი. გავრილოვი დაგვასვეს პრემიერ-მინისტრად – აი ეს იქნება მთავარი შეტყობინება ხალხისათვის და ხალხი ამას არ მოითმენს. ამიტომ არის სახიფათო ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ივანიშვილი ახლა დგამს“, – განაცხადა გოცირიძემ.