ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ-შეტევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ევროკავშირი კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის წახალისებისკენ მოუწოდებს, მისი წევრ სახელმწიფოები შეშფოთებას გამოხატავენ კიბერ-შეტევასთან დაკავშირებით, რამაც კიბერ-სივრცეში უსაფრთხოება და სტაბილურობა უგულებელყო.
„ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გმობენ კიბერ-შეტევას და საქართველოს კვლავაც აღმოუჩენენ დახმარებას კიბერ-მდგრადობის გაძლიერების საქმეში“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით ვებგვერდს. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).
20 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.