კიბის გამო, რომელიც ყრუ კედელს უერთდება ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

კიბის გამო, რომელიც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ფართო განხილვის საგანი გახდა, ხელვაჩაურის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. მერი ამბობს, რომ ის ახალშენის კულტურის სახლის სამშენებლო ოქმში აღმოჩენილი ხარვეზების გამო აიყვანეს. სავარაუდოდ საუბარია
რეაბილიტაციის შემდეგ ხელვაჩაურის კულტურის სახლში დამონტაჟებულ სათადარიგო სახანძრო კიბეზე, რომელიც პირდაპირ კედელს უერთდება და არა კარს.
კულტურის სახლი ორჯერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ გარემონტდა და მერია კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადებას გეგმავდა. მერიაში ამბობდნენ, რომ ხარვეზი მშენებლობისას გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა გამოიწვია, მას დამატებითი სამუშაოების შემდეგ მოაგვარებენ და კარის დამონტაჟება კიბესთან შესაძლებელია.
ადგილობრივი ოპოზიცია მერიას თანხების არაეფექტურად ხარჯვაში ადანაშაულებდა, მერიისთვის კი ოპოზიციის არგუმენტები მიუღებელი იყო და ატეხილ ხმაურს ოპოზიციის სპექტაკლს უწოდებდნენ. ობიექტის მიღება –ჩაბარება რამდენიმე თვის წინ მოხდა.
დღეს კი ირკვევა, რომ დაკავებულია ხელვაჩაურის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი. თუმცა მერიაში არ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა მისი დაკავება სკანდალურად ცნობილ კიბეს.