ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებულ მაგალითზე წერს. ფანჯიკიძე პროფესორ ლევის ცდაზე წერს, რომლის შესახებაც სიუჟეტი რუსთავი – 2მა რამდენიმე კვირის წინ მოამზადა და რომელშიც საუბარი იყო, რომ პროფესორი თაგვებზე წარმატებული ცდის შემდეგ, იმ ადამიანებს ეძებდა, რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ მოხალისედ ჩართულიყვნენ ექსპერიმენტში და უკვე ადამიანებზე გამოეცადა კიბოს წამლის ეფექტურობა. როგორც ნათია ფანჯიკიძის “ფეისბუქპოსტიდან” ირკვევა, ასეთი მოხალისე ირაკლი ალასანიას მეგობარია, რომელმაც დაავადება სწორედ პროფესორ რონალდ ლევის დახმარებით დაამარცხა.
“ვვარაუდობ, რომ უკვე ერთ წელიწადში საბოლოო დასკვნა დაიდება და საყოველთაოდ დაინერგება დოქტორ ლევის მეთოდი. ირაკლის ახალზელანდიელი მეგობარი, სასიკვდილოდ გადადებული ახალგაზრდა კაცი სრულად განიკურნა ამ ექსპერიმენტულ მკურნალობაში მოხალისედ ჩაბმის შემდეგ. თანაც მას ჩაუტარდა პირველი, ინდივიდუალური დნმ მეთოდი მასაჩუსეტის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ისინი იმ ინდივიდუალური დნმ წამლის შემუშავებაზე მუშაობენ ბოსტონში), დნმ-ის “სპელჩეკი” და ორგანიზმში აგენტად შეშვება. ეს “საყველაო” წამალი თუ გაამართლებს, კიდევ უფრო იოლი და იაფი იქნება დაავადების დამარცხება”,წერს ფანჯიკიძე.
“რუთავი2-მა” სიუჟეტი მოამზადა მეცნიერზე, რომელმაც სიმსივნის დასამარცხებლად ცდები უკვე ჩაატარა: სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, რონალდ ლევის, კვლევების შესახებ ცნობები ერთი წლის წინ გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ თაგვებზე ჩატარებული ცდებისას მისმა ვაქცინამ თითქმის ასპროცენტიანი შედეგი გამოიღო და სიმსივნისგან ყველა თაგვი განიკურნა. რონალდ ლევი მრავალი სამეცნიერო ჯილდოს მფლობელია. მთელი ცხოვრებაა, იმუნური სისტემის სიმსივნეს, ლიმფომას იკვლევს. მისმა შრომებმა ონკოლოგიაში ახალ მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი და მათზე დაყრდნობით, ანტისხეულები სიმსივნის სამკურნალოდ უკვე წარმატებით გამოიყენება.
რუსთავის 2 -ის სიუჟეტში პროფესორი ამბობდა, რომ თუ მეთოდი ადამიანებზეც გაამართლებს, ყველაფერი უფრო გაადვილდება და შეიქმნება უნივერსალური ვაქცინა, რომელსაც ნებისმიერი ტიპის სიმსივნის მქონე პაციენტს გაუკეთებენ.
ექიმი ლევის თქმით, მსგავს კვლევებზე მრავალი მეცნიერი მუშაობს. მის ლაბორატორიაშიც ბევრი სხვადასხვა კვლევა ტარდება, მაგრამ ამ აღმოჩენის უნიკალურობა იმუნიტეტის მასტიმულირებელი ორი პრეპარატის, ორი იმუნოაგენტის კომბინაციაა.
ექიმი ლევი ბოლო მოხალისე-პაციენტებს ეძებდა, სიმსივნეში წამლის სათითაოდ შესაყვანად და დასაკვირვებლად.
ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად პაციენტი აუცილებლად ბე-უჯრედოვანი არაჰოჯკინის ლიმფომით უნდა ყოფილიყო დაავადებული.