„რაც დღეს მოხდა ჩვენს ურთიერთობას და ძმობას არ შეეფერება,” – ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისელებს. მისი თქმით, ჰესის თემა გადადეს და როცა მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება ის.
“ახლა ყველა უნდა გავჩერდეთ, დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, უნდა გავარკვიოთ, სად შეგვშალა, ვის შეგვეშალა, ვინ არის დამნაშავე. ახლა ვჩერდებით და ვაგრძელებთ ლაპარაკს. თუ ვინმე გადავიდა და კანონი დაარღვია, ეს ცალკე სალაპარაკოა. ჰესის მშენებლები თქვენთან ლაპარაკს გააგრძელებენ, რაზეც შეთანხმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ ქვების სროლა გამოსავალი არ არის… ჰესის გამო აქ არ ამოვსულვარ, ამოვედი იმიტომ, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანებს. თითოეულ კადრს გავაანალიზებთ, ვნახავთ, ვინ ვის, რა ესროლა,”- აღნიშნა გახარიამ.
შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.
გიორგი გახარიას თქმით, ჰესის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანია მოსახლეობასთან საუბარს და მოლაპარაკებას გააგრძელებს, ხეობას სპეცრაზმი დატოვებს, თუმცა ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა დარჩება.
„ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით შესაბამისობაში აგებს პასუხს, მეორე – ასევე შევთანხმდებით, რომ კომპანიის წარმომადგენლები გააგრძელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბარს, სანამ კონკრეტულ ზღვრულ რაოდენობას მხარდაჭერის, არ მიაღწევენ, ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარს გააგრძელებენ, მაგრამ აქ არის რამდენიმე სხვა პროექტი, რომელზეც აქტიურად დაიწყება მუშაობა. შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებს, თუმცა შსს-ს გაძლიერებული პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავს მართლწესრიგს და უსაფრთხოებას თითოეული ჩვენი მოქალაქის,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგვიანებით შს მინისტრი თელავის საავადმყოფოში მივიდა და ჟურნალისტებისთვის კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ ამ დროისთვის პანკისში განვითარებული მოვლენების გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ესკალაცია გამოიწვია პანკისის ხეობაში სამხარეო სამმართველოს 35 პოლიციელის შესვლამ, რომლებსაც აგრესიულად განწყობილმა ადგილობრივთა ჯგუფმა ქვები დაუშინა.
მინისტრის განცხადებით, დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, ვის ინტერესებში იყო და რატომ მოხდა ვითარების ესკალაცია.
„ესკალაცია ფაქტობრივად, გამოიწვია შემდეგმა რამემ: დილით პანკისის ხეობაში გამოჩნდა სამხარეო სამმართველოს 35 პოლიციელი, რომლებსაც აგრესიულად განწყობილმა ადამიანების სპეციალურმა ჯგუფმა დაუშინა ქვები. ჩვენ დეტალურად გამოვიძიებთ, ვინ იყო ეს ხალხი და რა მიზანს ემსახურებოდა მათი ასეთი საქციელი, რამეთუ მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდნენ პანკისში სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ჩვენთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია ასეთი ესკალაცია რატომ, რა მიზნით და ვის ინტერსებში მოხდა, რასაც დეტალურად გამოვიძიებთ. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დეტალურად შევისწავლით ყველა კამერაზე ასახულ ყველა მოვლენას, თითოეულ ადამიანსა და პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდეგ, კანონის სრული შესაბამისობით გავატარებთ იმ ზომებს, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი იურისდიქცია. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“,- განაცხადა გახარიამ.