“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლების მძაფრი რეაქცია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მოჰყვა.
“სალომე ზურაბიშვილის სახელის და გვარის ხსენებას ვერიდები, რომ რამე პირადულში არ ჩამეთვალოს. პრინციპულად არ ვლაპარაკობ ამ მოქალაქეზე. მაგრამ ადამიანი გამოდის და იმ ტრაგედიის შემდეგ მეორე დღეს ცდილობს, ყველაფერი, მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს რუსეთის ფედერაციაზე და შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს გავრილოვი ხოხვით შემოვიდა დივერსანტად.
პირველი კივილი მოსკოვში მისი განცხადებით დაიწყო, როდესაც ჩვენი შიდა პოლიტიკური ისტორია სალომე ზურაბიშვილმა გადააქცია საგარეო პოლიტიკურ საკითხად. კამერებში ვამბობ ამას. მაპატიეთ ჩემი არადიპლომატიური გამოთქმისთვის – კლინიკური იდიოტიზმი დაიწყო მაშინ, როდესაც ადამიანმა, რომელიც შეიტანეს პრეზიდენტის კაბინეტში, გადააქცია შიდა პოლიტიკური საკითხი საგარეო პოლიტიკურ საკითხად, ყოველგვარი მიზეზის, ყოველგვარი აზრის, ყოველგვარი დაგეგმვისა და შეთანხმების გარეშე, როგორც ჩანს. აი, მერე დაიწყო პანიკა, მერე დაიწყო დაბრალებები, სიტუაციის დალაგების მცდელობები და ა.შ. ეს არის საერთოდ კოშმარი, როცა ადამიანს არ ესმის, რა უნდა თქვას და როდის უნდა თქვას”, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.