კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი აპირებს, კენჭი იყაროს მთაწმინდის დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად.

ამის შესახებ დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა და საზოგადოებას ამცნო, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა და მისი ამოცანაა ხელი შეუწყოს კონსერვატორულ, ეროვნულ, ტრადიციულ ფასეულობებზე დამყარებული ძალის ფორმირებას.

“ჩემი ამოცანაა გაწონასწორებული ძალის ფორმირება, რომელიც მოვა ხელისუფლებაში და შეცვლის “ქართულ ოცნებას”, რომლის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ჩვენ დაგვანახა, რომ ისინი გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად ქვეყანას იმ კურსით მიატარებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება რეალური ხდება.

ჩვენ ვნახეთ წაგებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, შემდეგ დიდი ძალისხმევით მეორე ტურში ვითარების გამოსწორება, მაგრამ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ გაიგო ხალხის გზავნილი, სინამდვილეში ვერაფერიც ვერ გაიგო და აგრძელებს იმ კურსს, რამაც მიიყვანა იმ სავალალო შედეგებამდე, რაც ჩვენ ვიხილეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში”,-კობა დავითაშვილი ამბობს, რომ დადგა დრო გაერთიანებისა, რათა შეიქმნას არა მესამე, არამედ პირველი და სახელისუფლებო ძალა, რომელიც ხელისუფლებაზე ორიენტირებული არ იქნება. 

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ადგილმონაცვლის გამოსავლენად მიმდინარე წლის აპრილში გაიმართება.

წყარო – რადიო თავისუფლება