{{ARTICLEIMAGE}}
ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, დაირღვა პარლამენტის რეგლამენტი.
“ორჯერ ორი ოთხი არის ის, რომ პირველი მოადგილის ერთიან კანდიდატურას ასახელებს თავმჯდომარე. რაც შეეხება უმრავლესობის კვოტას, იქაც ერთი კანდიდატი სახელდება უმრავლესობის მიერ და რაც შეეხება ოპოზიციის კვოტას, იქ თითო კანდიდატის დასახელება შეუძლიათ უმცირესობას ან გარეთ ფრაქციებს, როგორიც არის დღეს “ნაცმოძრაობა” და “პატრიოტთა ალიანსი”. ანუ კანდიდატთა სიმრავლე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ოპოზიციის შემთხვევაში. ეს წერია ძალიან ნათლად რეგლამენტში. ეს იცის, დარწმუნებული ვარ, იმ იურისტმაც, რომელიც საუბრობს სხვანაირად ამაზე, თუმცა, დასჭირდა დღეს ვიღაცას რეგლამენტის დარღვევა და დარღვევით გააკეთეს ეს ყველაფერი. რეგლამენტის დარღვევა არის გადაცდომა და ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება და ეს აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი. ანუ, შეფასდება აუცილებლად ის მოვლენა, რომელსაც დღეს ჰქონდა ადგილი. იურიდიული კომიტეტი არის პირველი, რომელიც უნდა ზრუნავდეს თავად რეგლამენტის დაცვაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან ერთად. შესაბამისად, ბუნებრივია, მიუღებელია ის, რომ რეგლამენტი დაირღვა კონკრეტული ადამიანების მხრიდან”,განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ რეგლამენტის დარღვევის შეფასებისთვის არსებობს შესაბამისი მექანიზმები.
“გვაქვს შესაბამისი მექანიზმები და ეს აუცილებლად შეფასდება. ეს შეიძლება პარლამენტშიც შეფასდეს და შეიძლება პარტიულ ჭრილშიც შეფასდეს”,განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი მოვლენები მმართველ გუნდს პრობლემას ვერ შეუქმნის და თუ ვინმეს გუნდის წინააღმდეგ წასვლა მოუნდება, ამას პასუხი გაეცემა.
“გუნდი არის ერთი, ეს არის “ქართული ოცნების” გუნდი, “ქართულ ოცნებას” ჰყავს თავისი ლიდერი, თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. თუ ვინმეს პერსონალურ როლზეა საუბარი და გუნდთან კავშირზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, როგორც თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” გუნდი ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი. გუნდი არის ერთი. თუ ვინმეს უნდა ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლა, ბუნებრივია, ამას გაეცემა პასუხი. ბიძინა ივანიშვილი არის გუნდის ლიდერი. მე ვარ ამ გუნდის შემადგენელი ნაწილი და ვიცავ იმ წესებს, რომელიც არის დადგენილი ამ გუნდის მიერ. არის ერთი გუნდი, მას ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, როგორც ლიდერი და არავის არ ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას. იმიტომ, რომ თუ წავა ვინმე ამ გუნდის წინააღმდეგ, მას გაეცემა აუცილებლად პასუხი”,განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, არის სირთულეები, თუმცა, რეალურად, სიტუაცია ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე მის წარმოჩენას ცდილობენ.
“ეს არის მიმდინარე პროცესი და სიტუაცია არის ბევრად უფრო მარტივად, რეალურად, ვიდრე ცდილობენ გარეთ წარმოაჩინონ. ვხედავთ, რომ არის გარკვეული თანხვედრა ინტერესებში. ჩვენი ოპონენტები ცდილობენ გაამძაფრონ ეს ვითარება, რომელიც რეალურად არსებობს. რა თქმა უნდა, არის სირთულეები, თუმცა სიტუაცია არის ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე ცდილობენ ეს წარმოაჩინონ. ეს მარტივადაც დალაგდება შესაბამისად. ვითარება არის მარტივი, მარტივადაც დალაგდება”,აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეთანხმებული იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან ეკა ბესელიას გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტიაში პროცესები იერარქიის შესაბამისად იმართება.
“თქვენ იცით, რომ ამ იერარქიის სათავეში არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, ასე მიიღება გადაწყვეტილება”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.