კობახიძე კირკიტაძეზე: ხელისუფლების პასუხი საჭირო იყო

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის დაკავების თემაზე საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა საჭირო იყო. 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ხომ არ მოქმედებს მმართველი გუნდი ორმაგი სტანდარტით, როდესაც აკავებს ოპოზიციონერს და არა ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.  

“არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პოლიციელების სხვადასხვა ფორმით შეურაცხყოფა გახდეს ყოველდღიურობა და ამის ტენდენცია გამოიკვეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამას სჭირდებოდა პასუხი და ეს პასუხი გაეცა კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ასე უნდა მოქმედებდეს. დაუშვებელია უარყოფითი ტენდენციებისთვის გზის მიცემა, ეს არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან პასუხის გაცემა. ოპოზიციისთვის ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, რომელსაც 20 წუთით მეტი სჭირდებოდა, თუმცა აშკარად ოპოზიციას იმ დღეს ჰქონდა თვითმიზანი, მოეწყო პროვოკაცია. ეს მათ შეძლეს, შეძლეს პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენება”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.