{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან პროვოკაციებს ელის, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათი ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდება. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი “ნაციონალურ მოძრაობას” ყველა დაპირებას უსრულებს.
“მათ ექნებათ პროვოკაციის მცდელობები, თუმცა განწირულია ეს მცდელობები წარუმატებლობისთვის ისევე, როგორც განწირული იყო მათი პროვოკაციები არჩევნებამდე. მათი პროვოკაციები მიმართული იყო იმისკენ, რომ რამენაირად მათთვის სასურველი შედეგი დაედოთ, თუმცა ჩვენ მათ დავპირდით მწარე დამარცხებას ამ არჩევნებში და მათ იწვნიეს მწარე მარცხი. რასაც ვპირდებით ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვუსრულებთ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში მშვიდობიან აქციას გამართავს ისტორიულ ჭადარსა და მეფე ერეკლეს ძეგლს შორის მოედანზე და ალტერნატიული ადგილის მოძებნას არ აპირებს.
ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“ჩვენ ხშირად გვაქვს საქმე იმასთან, რომ საჯარო მოხელეები კანონს არ კითხულობენ. მათ არანაირი უფლება არ აქვთ რამე აგვიკრძალონ, ან დაუშვან. ჩვენი უფლებაა, შევატყობინოთ და ეს გამოვიყენეთ. თელავში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, აქციას არ ვმართავთ, რათა ხელი არ შეეშალოს ღონისძიებებს. აქციას ვმართავთ იქ, სადაც არაფერია დაგეგმილი. ჩვენ სადაც დავგეგმეთ, იმ მიმართულებით მივდივართ და იმედი გვაქვს, არანაირი პრობლემები არ შეგვექმნება. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ გეზის შეცვლას”, განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები თელავში თბილისიდან ორგანიზებულად 16 დეკემბერს 09:00 საათზე გაემგზავრებიან.