კობახიძე ოპოზიციისთვის 110/40-ზე საარჩევნო სისტემის შეთავაზებას უარყოფს

,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კობახიძემ დიპლომატებთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის 110/40-ზე მანდატების განაწილება არ შეუთავაზებიათ.

„დღეს გვქონდა დიპლომატების მიერ ორგანიზებული საუზმე და მათ ამისთვის რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ. ბუნებრივია, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან და განვიხილეთ ყველა აქტუალური საკითხი. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაისვა კითხვები. ბუნებრივია, ამაზეც იყო დისკუსია. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი”,- ამბობს კობახიძე.

ასევე აღნიშნავს, რომ საუბარი იყო ოპოზიციის პოზიციაზე, რომ პარტია თუ იღებს 40 %-ზე ნაკლებს, მას არ უნდა ჰქონდეს უმრავლესობის მიღების საშუალება.

,,ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ამავე შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” მანდატების 110/40-ზე პროპორცია შესთავაზეს, რაზეც უარს ამბობენ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ პროპორციის გარდა ,,არის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც განიხილეს და რაც ამ რიცხვებს მეორეხარისხოვანს ხდის”.