{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველ გუნდში ყველას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.
გუნდში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ინდივიდუალურ დეპუტატებთან პოლემიკაში ვერ შევა.
“ჩვენ გვინდა, შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ერთიანობა, თუმცა, რა თქმა უნდა, აქვე ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ დაიცვან წესრიგი”, თქვა კობახიძემ.
“რაც შეეხება შიგნით მიმდინარე პროცესებს, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ შევალ პოლემიკაში ინდივიდუალურ დეპუტატებთან, ეს არ არის ჩემი ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მირჩევნია, რომ კომენტარი არ გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ყველაფერი არის ძალიან კარგად, ყველაფერი იქნება მშვიდად და გუნდში იქნება, რაც მთავარია, უზრუნველყოფილი სტაბილურობა და ერთიანობა”, აღნიშნავს კობახიძე.
მისი თქმით, შარშან ამ დროს, შეცდომებს უშვებდნენ კონკრეტული დეპუტატები და ამ შეცდომებს შესაბამისი პასუხი გაეცა, თუმცა, მმართველმა გუნდმა ერთიანობის შენარჩუნებისთვის მაქსიმალურად იმუშავა და ასეთივე სულისკვეთებაა ამ შემთხვევაშიც.
“თქვენ გახსოვთ, შარშან ამ დროსაც, კონკრეტული დეპუტატები უშვებდნენ შეცდომებს და ამ შეცდომებს გაეცა შესაბამისი პასუხი, თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობდით იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ერთიანობა და ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც მოუწია უმრავლესობის დატოვება, იყო, მოგეხსენებათ, ვინც. შესაბამისად, აქაც ჩვენი სულისკვეთება იქნება იგივე. ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ერთიანობა, თუმცა, რა თქმა უნდა, აქვე ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ დაიცვან წესრიგი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი წესრიგის დაცვაზე. მე პირადად, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თითოეულმა დეპუტატმა, განსაკუთრებით, უმრავლესობაში, დაიცვას წესრიგი”,განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შესაძლებელია თუ არა, რომ ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თეორიულ ვარიანტებზე ვერ ისაუბრებს.
“მთავარია, ყველამ დაიცვას წესები. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი წესების დაცვაზე. წინა შემთხვევაში იყო არაერთი დეპუტატი, რომელმაც დაარღვია წესები, თუმცა, ამ პირობებშიც კი, მხოლოდ ერთს მოუწია უმრავლესობის დატოვება. აქაც მიდგომა იქნება ზუსტად ასეთი”.
მისივე შეფასებით, “ვისაც გუნდში არსებული გარკვეული სირთულეები გარეთ გააქვს, შეცდომებს უშვებს”.
“მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვისაც გარეთ გააქვს გარკვეული სირთულეები, ის უშვებს შეცდომებს. მე ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს. ესეც იქნება გარკვეული სირთულის გარეთ გატანა. ამიტომ, მე არასწორი იქნება გავცე ამ კითხვას პასუხი. ამას შიგნით მოვაგვარებთ. თუ ვინმე არღვევს წესებს, რეგლამენტის დარღვევა კიდე ცალკე საკითხია. რეგლამენტი უხეშად დაირღვა და ცალსახად დაირღვა – ამაზე ნებისმიერი იურისტი ასეთ პასუხს გაგცემთ, ვისაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. აქ რეგლამენტის დარღვევა ერთია, ეს სხვა შემთხვევაა და ამას სხვა რეაგირება სჭირდება, რაც შეეხება გუნდური თამაშის წესებს, აქ არის ზუსტად ჩვენი რეაგირება აუცილებელი, ოღონდ ეს რეაგირება იქნება მაქსიმალურად რბილი. ზუსტად ამ რბილი მიდგომის საფუძველზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დატოვა უმრავლესობა წინა შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიდგომა იქნება რბილი და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შიგნით ავუხსნათ ყველას, თუ რა არის წესი”,განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე: ბესელია:ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალ
ბესელიას ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე გახდა
ყველაფერი ამით არ დასრულებულა:ეკა ბესელიას ანონსი
“გაიარ-გამოიარე და მერე შემოდი”: დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სოფიო კილაძეს შორის (ვიდეო)
პრემიერმა ბესელიას გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
ბესელია: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ამას ვამბობ პირდაპირ (ვიდეო)
ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)