კობახიძეს ჰქონდა მზადყოფნა, დაეტოვებინა თანამდებობა იმ დღესვე – ბახტაძე

„ირაკლი კობახიძეს ჰქონდა მზადყოფნა, დაეტოვებინა თანამდებობა იმ დღესვე, მაგრამ ის ამ პერიოდში იყო საერთაშორისო ვიზიტით ბაქოში,“ – ეს განცხადება, პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. პრემიერის თქმით, კობახიძემ თანამდებობა 20 ივნისს იმიტომ არ დატოვა 20 ივნისსვე, რომ ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

ბახტაძის განცხადებით, კობახიძე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში თანაგუნდელებს შეხვდა და გააცნო მისი გადაწყვეტილება.

„მან შეწყვიტა ვიზიტი, დაბრუნდა საქართველოში პირველივე რეისით და იმ მომენტშივე მოხდა მის მიერ ამ განცხადების გაკეთება, მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს ფორმატში, ეს იყო ზუსტი ქრონოლოგია,“ – განაცხადა ბახტაძემ.