კობახიძის სასჯელი: ეკა ბესელიას მივლინებაში არ უშვებენ

უმრავლესობის დატოვების შემდეგ ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის სიიდან ამოიღეს და მივლინებაში, საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად არ უშვებენ. ამჟამად თავად პარლამენტის თავმჯდომარე მივლინებაშია, თუმცა ეკა ბესელიამ მისი მოადგილის, ილია ნაკაშიძის მიერ ხელმოწერილი წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ მას მუდმივმოქმედი კომისიის წევრის სტატუსი შეუწყდა.

ბესელია ამბობს, რომ მუდმივი კომისიიდან დეპუტატის დათხოვნა არა ერთპიროვნული, არამედ პარლამენტში კენჭისყრით მისაღები საკითხია

ეკა ბესელია დელეგაციის შემადგენლობაში ქართული ოცნების კვოტით იყო წარმოდგენილი. საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ უმრავლესობის და ფრაქციის დატოვება დელეგაციაში სტატუსის შეწყვეტის საფუძველია, დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდება და უახლოეს პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიას სხვა წევრით ჩაანაცვლებენ. თუმცა პარლამენტს ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ამის მიუხედავად ბესელიას წევრობა უკვე შუწყდა. ბესელია ამ გადაწყვეტილებას არასერიოზულ მიდგომას უწოდებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი პოლიტიკური და პირადი მოტივებია.